Ferrari-ს ექსკლუზიური ავტომობილების დამზადბაზე ორიენტირებული შტო One-Off, სულ რამდენიმე წელია, რაც მუშაობს, მაგრამ მარანელოელთა კლიენტები, რომლებსაც ისედაც გამორჩეული ავტომობილების მათი სურვილისამებრ გადაკეთება სურთ, ხშირად აკითხავენ. აქ ავტომობილებს კლიენტის სურვილების შესაბამისად ამზადებენ და ამდენად, მათ პროდუქციას მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება.

Ferrari-ს კომერციულმა დირექტორმა ენრიკო გალიერამ ბრიტანულ გამოცემა „ავტოქართან“ საუბრისას განაცხადა, რომ ექსკლუზიური ვერსიების დეპარტამენტ One-Off-ს ამჟამად იმდენი შეკვეთა დაუგროვდა, რომ 2021 წლამდე თავაუღებლად მოუწევს მუშაობა.

ამას თავისი მიზეზი აქვს – ამჟამად ერთეული პროექტების შესაბამისად, წლიურად მხოლოდ სამი ავტომობილის დამზადება ხერხდება. რაც მთავარია, კომპანია ტემპის გაზრდას არ აპირებს. თითოეული ავტომობილის დასამზადებლად, 1.5-2 წელია საჭირო. ამ დროში შედის შემკვეთის კონსულტაციები Ferrari-ს ინჟინრებთან და დიზაინერებთან.

Ferrari-One-Off

უფრო მეტიც, გალიერა ამბობს, რომ თუ კლიენტის მოთხოვნები კომპანიის პოლიტიკას არ შეეფერება, მათთვის უარის თქმაც არაა გამორიცხული. მან მაგალითიც დაასახელა – მარანელოში არასდროს შეღებავენ ავტომობილს ვარდისფრად.

„პროექტი უნდა შეესაბამებოდეს ბრენდის იდეოლოგიას. მაგალითად, თუ ვინმე მოისურვებს, რომ მისთვის ვარდისფერი Ferrari დავამზადოთ, ჩვენი პასუხი იქნება არა. თუ ვინმე სარბოლო GTC4 Lusso-ს დამზადებას გვთხოვს, ჩვენ პასუხი იქნება არა. თუ მივიღებთ მოთხოვნას, რომელიც ჩვენს ნორმებს არ შეესაბამება, პასუხი იქნება არა. მნიშვნელობა არ აქვს შემოთავაზებული ფულის მოცულობას“, – ამბობს გალიერა.

მისივე თქმით, შემკვეთს ხშირად მოუწევს მარანელოში ჩამოსვლა, რადგან მას ინჟინრებთან და დიზაინერებთან ბევრი დეტალი ექნება შესათანხმებელი მას შემდეგაც, რაც მისთვის სასურველი ავტომობილის ძირითადი პარამეტრები განისაზღვრება. შეირჩევა მოდელის პლატფორმა, ძრავი, დამუშავდება დიზაინი. და ეს ყველაფერი კლიენტის უშუალო მითითებით, ფაქტობრივად მისი მონაწილეობით ხდება. კლიენტი თავის მომავალ ავტომობილზე თავადაც მუშაობს. ის ამ პროცესის უშუალო მონაწილე ხდება.

გალიერა ასევე ამბობს, რომ კომპანიის ერთ-ერთი მთავარი სურვილი, როცა კლიენტისგან შეკვეთას ღებულობს, არის ის, რომ ავტომობილი არ უნდა იყოს მხოლოდ კერძო კოლექციის ნაწილი და ის გზებზეც უნდა გამოდიოდეს, უნდა ჩანდეს. თუმცა, კლიენტი ამის ვალდებულებას არ იღებს და ხშირად ხდება, რომ ექსკლუზიური ავტომობილი კოლექციონერის გარაჟში იმალება და მზის სინათლეს იშვიათად ხედავს.

ყოველი ასეთი ავტომობილის ფასი ინდივიდუალურია. მაგალითად, თავის ერთ-ერთ ბოლო პროექტში, რომელსაც კლიენტის სურვილის შესაბამისად, Ferrari 458 MM Speciale (ფოტოზე) ეწოდა, იტალიურმა კომპანიამ 3.3 მილიონი ევრო აიღო. სხვათა შორის, კლიენტმა ვინაობის გამხელა არ ისურვა, ახლახანს კი თავისი სიამაყე გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე გამოიყვანა.