ნიკო როსბერგმა ამ სეზონში პირველი გამარჯვება ესპანეთის დიდ პრიზზე მოიპოვა. ამასთან მან ბარსელონას ტრეკზე პირველად შეძლო რბოლის მოგება. მან სტარტი პოულიდან აიღო და პირველ მოსახვევშიც პირველად შევიდა. აქედან მოყოლებული კი მთელ რბოლას კომფორტულად ლიდერობდა და მოწინავე პოზიციას მხოლოდ ორჯერ, ისიც მცირე ხნით მაშინ დაკარგა, როცა პიტ სტოპები შეასრულა.

Spanish Grand Prix Start

მისგან განსხვავებით, რთული რბოლა ჩაატარა ლუის ჰამილტონმა, ვინც ცუდი სტარტი აიღო – მწვანე შუქნიშანზე ბორბლები ადგილზე მოუსრიალდა, რის გამოც, მაშინვე სებასტიან ფეტელმა გაასწრო და გვერდში ვალტერი ბოტასიც ამოუდგა. თუმცა, ჩემპიონმა მისი შეკავება მაინც შეძლო და მესამემ გააგრძელა ასპარეზობა. მოგვიანებით კი, გუნდის მიერ წინასწარ მომზადებული B-სტრატეგიის წყალობით, „ფერარის“ პილოტს ადვილად გაასწრო და მეორემ გადაკვეთა ფინიშის ხაზი.

ჰამილტონს B-სტრატეგიის შესახებ რადიოთი მანამ აცნობეს, სანამ პირველ პიტ სტოპს შეასრულებდა. ეს გეგმა სამ პიტ სტოპს ითვალისწინებდა, რომელთაგან ორ შემთხვევაში, მანქანისთვის მედიუმ საბურავები უნდა დაეყენებინათ. მაგრამ პირველი სტოპის დროს, ბორბლების შეცვლა შეყოვნდა, რამაც ბრიტანელს დრო დააკარგვინა. თუმცა არა იმდენი, რომ როსბერგისთვის მეტოქეობაში ხელი შეეშალა.

Petronas-Sponsor

„ძალიან კარგი უიკენდი გვქონდა. შაბათსაც და კვირასაც მანქანამ შესანიშნავად იმუშავა. ჩვენ ისევ ვდომინირებთ და დღეს ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. ეს სასიამოვნო იყო“, – განაცხადა როსბერგმა, ვისთვისაც ეს კარიერაში მე-9 გამარჯვებაა. ამგვარად, „მერსედესის“ პილოტებმა ამ სეზონში მესამე დუბლი შეასრულეს.

ჰამილტონს მესამე სტოპზე საშუალო სიმაგრის რეზინი დაუყენეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ მისი სიჩქარე არ იყო საკმარისი როსბერგის გასასწრებად. ეს ამცნეს კიდეც. მან მაინც სცადა, თუმცა მალევე დარწმუნდა, რომ დაწევა შეუძლებელი იყო, რადგან როსბერგი თავადაც ახერხებდა საჭიროებისამებრ ტემპის გაზრდას. საერთო ჯამში, ორივე პილოტი მანქანით კმაყოფილი დარჩა. ჰამილტონმა განაცხადა, რომ სტარტზე ჩავარდნები იშვიათად მოსდის და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი რამ შემდგომ რბოლებში არ შეემთხვევა.

GP SPAGNA F1/2015 - BARCELLONA (SPAGNA) - 10/05/2015 © FOTO STUDIO COLOMBO PER PIRELLI MEDIA (© COPYRIGHT FREE)

GP SPAGNA F1/2015 – BARCELLONA (SPAGNA) – 10/05/2015

ფეტელი კვლავ მესამე იყო, მაგრამ ამჯერად უკმაყოფილო დარჩა – „მერსედესს“ ისევ ბევრით ჩამოვრჩებითო. საქმე ისაა, რომ „ფერარის“ მიერ შემუშავებულმა სიახლეებმა სასურველი შედეგი ვერ მოიტანა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამქიმიანები მომდევნო რამდენიმე რბოლაშიც შეინარჩუნებენ კომფორტულ ლიდერობას. და რა თქმა უნდა, ლაპარაკიც არაა იმაზე, რომ მათ ვინმე ჩემპიონობას შეეცილება.

კვლავ უქულო რბოლა ჩაატარა „მაკლარენმა“. ქულებს ვინ ჩივის, მანქანას უკეთესობა თითქმის არ დასტყობია. ფერნანდო ალონსო რბოლას მუხრუჭების პრობლემების გამო გამოეთიშა და სანამ გაჩერდებოდა, ბოქსებში ინციდენტიც მოუვიდა – თავის სადგომს გასცდა და მექანიკოსების სისხარტე რომ არა, ვინმე აუცილებლად დაშავდებოდა. ჯენსონ ბატონმა ფინიშს კი მიაღწია, მაგრამ მხოლოდ „მენორის“ პილოტების წინ. ნარბოლევს ბრიტანელმა განაცხადა, მეეჭვება, ამ სეზონში ქულების აღება შევძლოთო…

ესპანეთის დიდი პრიზი

მონტმელო, 307.104 კმ (4.655 კმ – 66 წრე)

  1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:41:12.555
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) +00:17.551
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 00:45.342
  4. ვალტერი ბოტასი (ფინთი, უილიამსი) 00:59.217
  5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 01:00.002
  6. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 01:21.314
  7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1 წრე
  8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1 წრე
  9. კარლოს საინს უმცროსი (ესპანთი, ტორო როსო) 1 წრე
  10. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1 წრე
  11. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1 წრე
  12. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1 წრე
  13. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1 წრე
  14. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1 წრე
  15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1 წრე
  16. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  17. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 3 წრე
  18. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) 4 წრე

გ. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)           21 წრე

გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)                       40 წრე

შენიშვნა: გ – გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი – 1:28.270, 54-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი 111
  2. ნიკო როსბერგი 91
  3. სებასტიან ფეტელი 80
  4. კიმი რაიკონენი 52
  5. ვალტერი ბოტასი 42
  6. ფელიპე მასა 39
  7. დანიელ რიკარდო 25
  8. რომენ გროჟანი 16
  9. ფელიპე ნასრი 14
  10. კარლოს საინს უმცროსი 8
  11. მაქს ფერსტაპენი 6
  12. ნიკო ჰულკენბერგი 6
  13. სერხიო პერესი 5
  14. მარკუს ერიქსონი 5
  15. დანილ კვიატი 5

კონსტრუქტორთა თასი

  1. მერსედესი 202
  2. ფერარი 132
  3. უილიამს-მერსედესი 81
  4. რედ ბულ-რენო 30
  5. ზაუბერ-ფერარი 19
  6. ლოტუს-მერსედესი 16
  7. ტორო როსო-რენო 14
  8. ფორს ინდია-მერსედესი 11
  9. მაკლარენ-ჰონდა 0
  10. მენორ-ფერარი 0

Petronas-Sponsor-Footer