ავსტრალიაში დაამზადეს ავტომობილი, რომელსაც მზის ენერგიის ხარჯზე გადაადგილება შეუძლია. ეს არის მელბურნში ბაზირებული კომპანია EVX-ის ნახელავი, სახელად „იმორტუსი“ და მას ლას ვეგასის შოუ SEMA-ზე გამოფენენ. როგორც ავსტრალიური კომპანია აცხადებს, ეს არის მსოფლიო პრემიერა ავტომობილისა, რომლის მცირესრიული წარმოებაც მალე დაიწყება.

„იმორტუსი“ კომპოზიციური მასალებითაა დამზადებული და მხოლოდ მეოთხედ ტონას იწონის. მის სალონში მხოლოდ ორი ადგილია. ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 5000 მილიმეტრი, სიგანე 2000 მილიმეტრი, სიმაღლე 1100 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა 2500 მილიმეტრია. სახურავზე განლაგებულია მზის ელემენტების ბლოკი, რომელიც ენერგიით 10 კილოვატსაათი ტევადობის ელემენტების ბლოკს ამარაგებს. ავტომობილს აქვს სრულყოფილი აეროდინამიკა და დაბალანსებული შასი.

„იმორტუსის“ მოძრაობას ერთი ელექტრო ძრავი უზრუნველყოფს, რომლის სიმძლავრეც 54 ცხენის ძალაა. და ეს საკმარისია იმისათვის, რომ ადგილიდან ასის აკრეფა 7.0 წამში მოასწროს. მაქსიმალური სიჩქარე 150 კმ/სთ-ია, სვლის სიშორე (ელემენტებში დაგროვილი და მზის ენერგიით) – 550 კილომეტრი. ამასთან, ამ მანძლის გავლისას, საშუალო საათში 85 კილომეტრზე მეტი არ უნდა იყოს. მზის ელემენტების ჯამური ფართობი 7.0 კვადრატული მეტრია. მხოლოდ მზის ენერგიის ხარჯზე გადაადგილებისას, რეკომენდბული მაქსიმალური სიჩქარე საათში 60 კილომეტრია.

„იმორტუსის“ შემუშავებაში მონაწილეობა სუინსბერნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა და ადგილობრივმა ინჟინრებმა მიიღეს, რომლებსაც „მზის რბოლებისთვის“ არაერთი გამარჯვებული ავტომობილი აქვთ დამზადებული.