„დაიმლერსა“ და „რენო-ნისანის“ შორის ტექნიკური პარტნიორობის შედგად, ორივე კომპანიამ შესაბამისად, ახალი „სმარტის“ და „ტვინგოს“ წარმოება დაიწყო. ორივე ავტომობილი ერთსა და იმავე პლატფორმაზეა ბაზირებული და დიდი ალბათობით, მასზევე გერმანული კონცერნი უგზოობის პატარა ავტომობილსაც შეიმუშავებს. ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, უგზოობის ავტომობილის წარმოების დაწყებით, პარტნიორები გაყიდვების მნიშვნელოვან ზრდას იმედოვნებენ.

ბრენდ „სმარტის“ მთავარი პრობლემა რენტაბელობაა. სწორედ ამიტომ, „დაიმლერმა“ ფრანგულ-იაპონურ ალიანსთან თანამშრომლობა გადაწყვიტა, რითაც „სმარტი“ გაჩერებას გადაარჩინა. საერთო პლატფორმის და ტექნოლოგიების გარდა, რენტაბელობას წარმოების გაზრდაც უზრუნველყოფს. ეს კი ახალი მოდელის გამოშვებით იქნება შესაძლებელი. უგზოობის სპორტული მოდელი კი ამ მხრივ მისწრებაა, რადგან ამ ტიპის ყველა კლასის ავტომობილზე მთელს მსოფლიოში მზარდი მოთხოვნაა.

როგორი შეიძლება იყოს უგზოობის „სმარტი“, ეს „დაიმლერმა“ სამი წლის წინათ, პარიზის მოტორ შოუზე გვიჩვენა, კონცეპტუალური „სმარტ ფორსტარზის“ სახით. თუ მოდელს მწვანე შუქს აუნთებენ, ახალი ავტომობილი ბაზარზე 2018 წელზე ადრე გამოვა. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე მის მახასიათებლებზე ლაპარაკი ნაადრევი. „ავტოქარის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, უგზოობის პატარა ავტომობილის ბაზა 2200 მილიმეტრს მიაღწევს და მას მოხვევის ძალიან მცირე რადიუსი ექნება.

ცნობისათვის, „სმარტ ფორსტარზი“ პარიზში ელექტრომობილის სახით წარსდგა. ის აღჭურვილია ელექტრო ძრავით, რომელიც 80 ცხენის ძალას და 135 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. სხვათა შორის, იგივე ძრავია გამოყენებული „ბრაბუსის“ მიერ, „სმარტ ფორთუს“ ბაზაზე შექმნილი ელექტრომობილიც. ამ ძრავის დახმარებით, „ფორსტარზი“ 130 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.