ოდესმე წარმოიდგენდით, რომ ისეთ პატარა ავტობილს, როგორიც ორადგილიანი „სმარტია“, ვინმე ექვსბორბლიან ლიმუზინად გადააკეთებდა? პატარა სატუნინგო სააგენტომ, სახელად LIMOUZINE, სწორედ Smart-ის გალიმუზინება გადაწყვიტა და რაც ამ საქმიდან გამოუვიდა, ფრანკფურტის საერთაშორისო მოტორ შოუზე გამოფინა.

ბუნებრივია, დაიბადება კითხვა – რა საჭიროა ასეთი ავტომობილი, ნუთუ მას ვინმე შეიძენს? პასუხი მარტივია: ამ ავტომობილით, „ლიმუზინს“ საყოველთაო ყურადღების მიზიდვის იმედი აქვს. ამის საფუძველს კი ის ფაქტორი იძლევა, რომ ფრანკფურტის მოტორ შოუს მთელს მსოფლიოში აშუქებენ და ისეთი ანომალიური ექსპონატი, როგორიც არის ექვსბორბლიანი „სმარტი“, სახელად MADEFORSIX, აუცილებლად მიიქცევს მედიის ყურადღებას. შესაბამისად, ამ ექსპონატის შემქმნელის, მისი შესაძლებლობების შესახებაც მოყვებიან. ეს კი საუკეთესო რეკლამაა. მითუმეტეს ისეთი კომპანიისთვის, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს.

smart-MADEFORSIX-1

„ლიმუზინის“ სპეციალისტებმა, 2.69-მეტრიანი ჯუჯა, 5.5 მეტრამდე დააგრძელეს. ამასთან, ავტომობილს უკან წყვილი ბორბალი დაემატა. ბაზაში ჩამატებულ სეგმენტში, მძღოლის საპირისპირო მხარეს, მხოლოდ ერთი კარი დაემატა, რომელიც თოლიას ფრთის სტილში იღება და სალონში შესვლას აადვილებს. არ შეცვლილა ავტომობილის სიგანე, თუმცა გაზრდილი ბაზის წყალობით, მისი სივრცე ლიმუზინისთვის შესაფერისად არის გაფართოებული. და სალონიც ლიმუზინის სტილში გაფორმდა. მდიდრული სავარძლები, მაცივარი ბოთლი შამპანურით, მისთვის სირჩები და ტელეეკრანიც კი – ამ პატარა ლიმუზინის მგზავრთა განკარგულებაშია.

smart-MADEFORSIX-3

„ლიმუზინი“ აცხადებს, რომ მის მიერ „სმარტის“ ბაზაზე შემუშავებული ლიმუზინები მხოლოდ გასაქირავებლადაა. მყიდველის გამოჩენის შემთხვევაში, მსგავს ავტომობილს დაამზადებს თუ არა, ამაზე კომპანია არაფერს ამბობს.