Shell-ის და Ferrari-ს პარტნიორობა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ფორმულა 1-ის ისტორიაში. მთელი იტალია ფერარით ამაყობს, რომლის ისტორიაც, ერთი პატარა გარაჟიდან დაიწყო და ფორმულა 1-ის ლეგენდად იქცა. მის სახელთან და გამარჯვებებთან კი შელია ასოცირებული, რომელიც მარანელოელებს ფ1-ში თითქმის ყოველთვის გვერდში ედგა და მათ წარმატებებში არცთუ მცირე წვლილი შეჰქონდა.

2-enzo-ferrari

Ferrari-მ და Shell-მა ერთად, ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატებში, პილოტების 12 ტიტული და კონსტრუქტორთა 10 თასი მოიპოვეს. ერთად ფ1-ის 500-ზე მეტ რბოლაში მიიღეს მონაწილეობა და მათგან 155-ში გაიმარჯვეს. ამასთან, მსოფლიო ჩემპიონატის რბოლებში 2 000 ქულაზე მეტი დააგროვეს. აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფორმულა 1-ის კონსტრუქტორთა თასი შედარებით გვიან, 1958 დამკვიდრდა. ეს გათამაშებაც მრბოლთა ჩემპიონატთან ერთად რომ იღებდეს სათავეს, ფერარის და შელს ერთად კიდევ 5 გუნდური ტიტული (თასი) ექნებოდათ მოპოვებული.

Ferrari-ს და Shell-ს კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკა აქვთ. იმ პერიოდში, როცა იტალიურ გუნდში მიხაელ შუმახერი ასპარეზობდა, ნავთობკომპანიამ მხოლოდ მისი საჭიროებისთვის კვიცებს 181 000 ლიტრი სარბოლო საწვავი მიაწოდა. ამ საწვავში 99% ჩვეულებრივი Shell V-Power მარკის ბენზინია, რომელსაც საგზაო ავტომობილებში იყენებენ. და მხოლოდ ერთი პროცენტია იმ ქიმიური შენაერთების წილი, რომლებიც ფერარის ფ1-ის ატმოსფერულ ძრავებს, ექსტრემალურ პირობებში მუშაობის საშუალებას აძლევდა. სწორედ ამ ერთ პროცენტს მიუძღვის დიდი წვლილი შუმახერის მიერ მარანელოელებთან ერთად, ზედიზედ ხუთი ტიტულის მოპოვებაში.

3-Ferrari's 1st win

Shell-Ferrari-ის პარტნიორობა 1929 წელს დაიწყო, როცა ენცო ფერარი მრბოლი იყო. იმავე წელს კომენდატორემ საკუთარი გუნდი Scuderia Ferrari ჩამოაყალიბა, რომელიც Alfa Romeo-ს სარბოლო ავტომობილებს იყენებდა. სწორედ Shell-თან პარტნიორობით, ენცომ 1947 წელს ჩამოაყალიბა კომპანია, რომლის ავტომობილებზეც დღეს ბევრი ოცნებობს და რომელიც Ferrari S.p.A-ს სახელითაა ცნობილი.

4-AlbertoAscari1952S

1950 წელს კი Ferrari ფორმულა 1-ში პირველივე მსოფლიო ჩემპიონატიდან ჩაერთო, რომელმაც სტარტი ბრიტანულ სილვერსტოუნზე აიღო. და მაშინაც მისი მთავარი პარტნიორი Shell-ი იყო. ერთ წელიწადში მარანელოელებმა თავიანთი პირველი V12 ძრავი შეიმუშავეს. ეს იყო 4.5-ლიტრიანი ატმოსფერული აგრეგატი, რომელიც იმაზე ნაკლებ საწვავს მოიხმარდა, ვიდრე მეტოქე გუნდების მექანიკურ დამჭირხნიანი ძრავები. რა თქმა უნდა, ამ ძრავისთვის შელმა სპეციალურად შეაზავა საწვავი და მათ ერთობლივად შეძლეს ფ1-ში პირველი გამარჯვების მოპოვება. ეს 1951 წელს, სილვერსტოუნზე მოხდა. გამარჯვებულ ავტომობილს არგენტინელი ხოსე ფროილან გონსალესი მართავდა.

5-Ferrari-Lancia D50 1956-1

ფერარის ბოლიდით (Ferrari 500 F2), ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონის პირველი ტიტული იტალიელმა ალბერტო ასკარიმ 1952 წელს მოიპოვა. მან ერთ სეზონში ზედიზედ ექვსი რბოლა მოიგო. მომდევნო სეზონშიც, იმავე ავტომობილით, ასკარი ხუთი გამარჯვებით კიდევ ერთ ტიტულს დაეუფლა. იმ ორ სეზონში, „ფერარის“ პილოტებმა ზედიზედ 14 რბოლა მოიგეს, რაც დღემდე განუმეორებელი მიღწევაა! რა თქმა უნდა, ყველა რბოლაში იტალიური გუნდი შელის საწვავს იყენებდა.

John Surtees (GBR) Ferrari 158 3rd place. British Grand Prix, Brands Hatch, England, 11 July 1964

1956 წელს, არგენტინელმა ხუან მანუელ ფანხიომ, Ferrari-Lancia D50-ით თავისი მეოთხე ტიტული მოიპოვა, 1958 წლის სეზონში კი „ფერარის“ ბრიტანელმა მაიკ ჰოტორნმა, „ვენუოლით“ მოასპარეზე სტირლინგ მოსს სულ რაღაც ერთი ქულის სხვაობით მოუგო ჩემპიონის ტიტული. ამ გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა „შელმა“, რომლის საწვავი და საზეთი მასალებიც, „ფერარის“ ძრავების გამძლეობას და ეფექტურობას უზრუნველყოფდა.

1961 წელს მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა ისევ ერთმა ქულამ გადაწყვიტა. ჩემპიონი „ფერარის“ ამერიკელი პილოტი ფილ ჰილი გახდა. მან გერმანელ თანაგუნდელ ვოლფგანგ ფონ ტრიპსს აჯობა, რომელიც სამწუხაროდ, ბოლოსწინა ეტაპზე, იტალიის მონცაზე დაიღუპა. იმ სეზონში „ფერარის“ ძრავებს მეტოქეებთან აშკარა უპირატესობა ჰქონდა. ამაში კი წილი „შელის“ საწვავს და ზეთებსაც მიუძღოდა.

1964 წელს ჩემპიონი ბრიტანელი ჯონ სარტიზი გახდა. ის მოტორსპორტის ისტორიაში პირველი მრბოლია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის წოდება ჯერ მოტოციკლებით რბოლებში მოიპოვა, შემდეგ კი ფორმულა 1-ში გადავიდა და იქაც ჩემპიონი გახდა. ეს მიღწევაც „ფერარის“ და „შელის“ მჭიდრო თანამშრომლობამ განაპირობა.

1970-იან წლებში ორი კომპანიის პარტნიორობა დიდი ხნით შეწყდა. ისინი ჯერ კიდევ ერთად იყვნენ, როცა მარანელოელებმა ოპოზიტური 12-ცილინდრიანი ძრავი (ასეთ ძრავებს ბოქსერსაც უწოდებენ ხოლმე) შეიმუშავეს. მაგრამ 1973 წლიდან მათი გზები გაიყო…

Shell-Ferrari-ის პარტნიორობა 1996 წელს განახლდა, როცა ნავთობკომპანიამ McLaren-თან თანამშრომლობა შეწყვიტა და Ferrari-ს დაუბრუნდა. ეს ის დროა, როცა იტალიურ გუნდში, იმ დროისთვის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი გადავიდა. სწორედ აქედან დაიწყო სკუდერიას ისტორიაში ყველაზე წარმატებული პერიოდი. შუმახერის, „ფერარის“ და „შელის“ ტრიომ, პირველი გამარჯვება ბარსელონას ტრეკზე, 1996 წელს მოიპოვეს. რბოლა კოკისპირული წვიმის აკომპანიმენტით ჩატარდა.

სანამ შუმი თავის მესამე ტიტულს მოიპოვებდა, მან ირლანდიელ ედი ირვაინთან და ფინელ მიკა სალოსთან ერთად, „ფერარის“ 1999 წელს კონსტრუქტორთა თასი მოაპოვებინა (მესამე ფერარის და შელის პარტნიორობის აღდგენიდან). იმ სეზონში შუმახერმა სილვერსტოუნზე მომხდარ ავარიაში ფეხი მოიტეხა და სალო სწორედ მას ცვლიდა. პილოტების ჩემპიონატში ირვაინმა ვიცე ჩემპიონის წოდება მოიპოვა.

შუმახერი 2000 წლის სეზონში დაბრუნდა და აქედან მოყოლებული, ხუთი სეზონის განმავლობაში მას, „ფერარის“ და „შელს“ ბადალი არ ჰყავდათ. ბრაზილიელ რუბენს ბარიკელოსთან ერთად, მათ კონსტრუქტორთა მეოთხე თასი მოიპოვეს. 2001 წელს შუმიმ „ფერარის“ ფ1-ში მერვე ტიტული მოუპოვა, მან და ბარიკელომ კი „შელის“ დაბრუნებიდან გუნდს მეხუთე კონსტრუქტორთა თასი მოაპოვებინეს. ეს გამარჯვებები მით უფრო აღსანიშნავია, რომ „შელს“ ძალიან მაღალი ბრუნთა რიცხვის (19 000-მდე ბრუნი წუთში) მქონე ძრავების გამძლეობის მიღწევაში დიდი წვლილი მიუძღოდა. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ შუმახერმა ეს ტიტული ჯერ კიდევ სეზონის შუაში, უნგრეთის დიდი პრიზის შემდეგ გაინაღდა.

2002 წელს, „ფერარის“ პილოტებმა 15 რბოლა მოიგეს და რა თქმა უნდა, გუნდმა კონსტრუქტორთა მორიგი თასი აიღო. გამარჯვებულებმა ჯამში 221 ქულას მოუყარეს თავი, რაც ყველა დანარჩენი გუნდის მიერ, მთელ სეზონში მოპოვებულ ქულებზე მეტი იყო! 2003 და 2004 წლებში, შუმახერმა და „ფერარი-შელის“ ტანდემმა, მორიგი ტიტულები მოინადირეს. შუმახერის მიერ მოგებული ტიტულების რაოდენობამ შვიდს მიაღწია. აქედან ზედიზედ ხუთი „ფერარისთან“ ერთად დაისაკუთრა.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს 2004 წლის სეზონი, რომლის განმავლობაშიც, „ფერარი-შელის“ ტანდემმა, 18-დან 15 რბოლა მოიგო და თან ისე, რომ მანქანა და მისი ძრავი, ერთხელაც არ გაფუჭებულა!

7-Ferrari-F2004-Schumacher-1600x1200

შუმახერი 2006 წლის სეზონის შემდეგ წავიდა. და მისმა შემცვლელმა კიმი რაიკონენმა, „მაკლარენის“ ფერნანდო ალონსოს და ლუის ჰამილტონს თითო ქულით მოუგო, რამაც კვიცებს მრბოლთა (მე-12, ჯერჯერობით ბოლო) და კონსტრუქტორთა (მე-9) ტიტულები მოაპოვებინა. გუნდურ გამარჯვებაში, რაიკონენთან ერთად, დიდი წვლილი ფელიპე მასამაც შეიტანა. ამ ტრიუმფის შემდეგ, „შელმა“ „ფერარისგან“ პრესტიჟული, პრეზიდენტის პრიზი მიიღო, რითაც თავის მიღწევებში ძველი პარტნიორის თანამონაწილეობა დააფასა.

მომდევნო სეზონში ჩემპიონობის რეალური შანსი მასასაც ჰქონდა. ჩემპიონატი ბრაზილიის დიდი პრიზის რბოლით დასრულდა. იმ მომენტში, როცა მასამ ფინიშის ხაზი გადაკვეთა, ის ჩემპიონი იყო და ბრაზილიელმა ტორსიდამ მაშინვე დაიწყო ზეიმი. მაგრამ ჰამილტონმა ბოლო წრეზე შეძლო ტიმო გლოკის გასწრება, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ თავისი პირველი ტიტული მოეპოვებინა. მან ბრაზილიელ მეტოქეს ერთადერთი ქულით აჯობა. „ფერარიმ“ და „შელმა“ კი კონსტრუქტორთა მე-10 თასი მოიპოვეს.

8-kimi-raikkonen_krs

2010 წლის ავსტრალიის დიდი პრიზი, 450-ე რბოლა იყო, რომელშიც „ფერარიმ“ და „შელმა“ ერთად იასპარეზეს. ამასთან, ნავთობკომპანიამ მეორედ მიიღო პრეზიდენტის პრიზი. ჯერჯერობით, რაიკონენის მიერ მოპოვებული ჩემპიონის ტიტული ბოლოა, რომელიც „ფერარის“ და „შელის“ პილოტმა მოიპოვა. თუმცა ისინი დაუღალავ მუშაობას აგძელებენ იმისათვის, რომ ავტოსპორტის მწვერვალბს დაუბრუნდნენ და ამით, მარანელოეთა მილიონობით ფანს მთელს მსოფლიოში, კვლავ მიანიჭონ სიხარული.