გამძლეობაზე რბოლების მსოლიო ჩემპიონატში თავისი გუნდის 1965 წლის ტრიუმფის 50 წლის იუბილეს აღსანიშნად, „შელბი ამერიკენმა“ ტრიუმფატორ ავტომობილ „დეიტონა კობრას“ რეპლიკა მოამზადა, რომელსაც მხოლოდ 50 ცალს გამოუშვებს. ავტომობილის პრემიერა 12 აგვისტოს გაიმართება ლაგუნა სეკას (შეერთებული შტატები) ტრეკზე.

„შელბი ამერიკენი“ მყიდველს რეპლიკას ორი მოდიფიკაციის სახით შესთავაზებს. ერთის ძარა ალუმინისგან დამზადდება, მეორისა კი – შუშაბოჭკოვანი კომპოზიტისგან. „დეიტონა კობრა“ რეპლიკები ფოლადის მილებისგან შეკრულ სივრცულ ჩარჩოზე აიგება. ისევე როგორც ორიგინალურ ავტომობილზე, ამ შემთხვევაშიც ალუმინსძარიანი ვერსიის უკანა საკიდარი რესორულია. კოკპიტი შავი ტყავით გაიწყობა, საჭე კი ხისა იქნება. მუხრუჭები თანამედროვეა, დისკური, „უილვუდის“ წარმოების.

Shelby-Cobra-Daytona-Coupe-1

კომპოზიტის ძარის მქონე ვერსიაზე, ავტომობილს ზამბაროვანი საკიდარი და უფრო თანამედროვე ეკიპირება ექნება. მათ შორისაა საჭის გამაძლიერებელი, შუშების ელექტრო ამწევები და კონდიციონერი. გარდა ამისა, ოპციის სახით, მყიდველს სალონის გამათბობელს და ხმის დამატებით იზოლაციას შესთავაზებენ. სხვა მხრივ, ორივე ავტომობილი გარეგნულად იდენტურია და რაც მთავარია, ორივე ეგრეთ წოდებული მგორავი შასის (ძრავის გარეშე) სახით გაიყიდება.

Shelby-Cobra-Daytona-Coupe-4

რაც შეეხება ძრავს, ესაა „შელბის“ ძრავების მწარმოებელი შტოს მიერ შემუშავებული, 4.7-ლიტრიანი V8, რომელსაც ალუმინის ბლოკი აქვს. სამწუხაროდ, მისი ტექნიკური მახასიათებლები არ გამოქვეყნებულა. ძრავს კუპეს სერიული ნომერი ექნება.

ალუმინის ძარიანი ავტომობილის ფასი 349 900 დოლარია, კომპოზიტის ძარიანისა კი – 179 900 დოლარი. მყიდველს ცალკე ძრავი 25 500 დოლარი დაუჯდება.