Google ავტონმიური ავტომობილების მთელი კოჰორტის საგზაო ტესტებს ატარებს, რომელთა დროსაც, სულ 11 უმნიშვნელო ინციდენტი მოხდა. და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ყველა მათგანი ადამიანის შეცდომის გამო მოხდა. ეს ინფორმაცია, ამერიკული ინტერნეტ გიგანტის თვითმავალი ავტომობილების პროგრამის დირექტორმა, კრის ურმსონმა გამოაქვეყნა.

ამ ინფორმაციის გამოქვეყნებამდე, „ესოშიეიტიდ პრესმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითმავალ ავტომობილებს კალიფორნიის გზებზე ოთხი ინციდენტი შეემთხვათ. ურმსონმა დააკონკრეტა, რომ „გუგლის“ თვითმავალ ავტომობილებს უკვე ჯამში 1.7 მილიონზე მეტი მილი (2.73 მილიონ კილომეტრზე მეტი) აქვთ გავლილი და მათ 11 ინციდენტი შეემთხვათ. ამასთან, ყველა მათგანი უმნიშვნელო იყო და მანქანები მსუბუქად დააზიანა. და რაც მთავარია, არცერთი მათგანი არ მომხდარა ავტომობილების მართვის ელექტრონული სისტემების მიზეზით!

GOOGLE'S SELF-DRIVING CARS1

სხვათა შორის, „გუგლისთვის“ ეს ინციდენტებიც საინტერესოა, რადგან მისი სპეციალისტები მათ გამოსარიცხადაც მუშაობენ. ისინი ალგორითმებში გაითვალისწინებენ იმ სიტუაციებსაც, როდესაც ადამიანი არაპროგნოზირებად ქმედებებს ასრულებს და ამ შემთხვევაშიც, მართვის ავტონომიურ სისტემას საპასუხო რეაქცია ექნება „მომზადებული“. მართალია, ავარიების სრულად გამორიცხვა შეუძლებელი იქნება, მაგრამ მათი ფატალურობის შემცირება მაინც მოხდება.

ურმსონი ხაზს უსვამს, რომ ავარიების ასპროცენტიანი გამორიცხვა შეუძლებელია. ეს არც ადამიანს შეუძლია და არც რობოტს. მაგრამ რობოტებს ის უპირატესობა აქვთ, რომ არ იღლებიან და უფრო სწრაფად ერკვევიან შექმნილ სიტუაციებში და სწრაფადაც რეაგირებენ. ამასთან, მათი ქმედება ემოციებს არ ექვემდებარებიან და უაზროდაც არ მოქმედებენ. და ურმსონი დასძენს, რომ რობოტები სრულიად უსაფრთხოები იქნებიან მაშინ, როდესაც ადამიანის მიერ მართვადი ავტომობილი გზაზე არ იქნება.