ბარსელონაში გამართულ მობაილ ვორლდ კონგრესზე, SEAT-მა პატარა ელექტრომობილი eMii წარადგინა, რომელიც VW e-up!-ის ესპანური ვერსიაა და იმით გამოირჩევა, რომ დასაწყისში მხოლოდ ავტო გაქირავებაში იქნება ხელმისაწვდომი. 10 ცალი eMii მალე გამოჩნდება ბარსელონას ქუჩებში.

როგორც ესპანური კომპანიის პრეზიდენტი ლუკა დე მეო ამბობს, ეს არ არის მისი კომპანიის პირველი ელექტრომობილი, მაგრამ შესანიშნავი საშუალებაა იმისათვის, რომ ქალაქის პირობებში გაიაროს ტესტირება და მისი მეშვეობით, ახალი ელექტრონული ტექნოლოგიები გამოიცადოს. ათივე eMii მონაწილეობას მიიღებს ეგრეთ წოდებულ ქარშეარინგში.

პატარა ელექტრომობილი, გარეგნულად თითქმის არ განსხვავდება თავისი შიდაწვისძრავიანი ანალოგისგან, რომელსაც Mii ჰქვია. ის აღჭურვილია ელექტრო ძრავით, რომლის სიმძლავრე 82 ცხენის ძალაა. მას ენერგიით ამარგებს ელემენტების ბლოკი, რომლის ტევადობაც 18.7 კილოვატსაათია. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ერთი სრული დამუხტვით, 160 კილომეტრი გაიაროს. ეს ბევრი არაა, თუმცა eMii თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, როგორც ახლო მანძილზე გადაადგილების საშუალება.

„სეატი“ თავისი საწარმოო პროგრამის ელექტრიფიკაციაზე ბევრს არაფერს გვპირდება, თუმცა იმავე დე მეოსგან ცნობილია, რომ მალე, კერძოდ კი 2019 წლამდე, მისი კომპანია სერიულ ელექტრომობილს გამოუშვებს. საერთოდ, კომპანიის სამოდელო გამა ძალიან მცირეა და მხოლოდ რამდენიმე მოდელს მოიცავს. მათ შორისაა Mii, სუბკომპაქტური Ibiza, კომპქტური ჰეჩბეკი Leon-ი და მისი უნივერსალისძარიანი ვერსია, ასევე უგზოობის Ateca, რომელიც არის Volkswagen Tiguan-ის ვერსია. საინტერესოა, ამათგან რომლის ბაზაზე დამზადდება SEAT-ის პირველი სერიული ელექტრომობილი…