F1-ის არაერთი ჩემპიონის, მათ შორის, აირტონ სენას და ფერნანდო ალონსოს რბოლებით გატაცება სწორედ ასე – პედლიანი ავტომობილებით დაიწყო. მათსავით ალბათ არაერთმა დიდმა ავტომრბოლმა, პირველად ავტომობილი პედლებიანი სათამაშოს დახმარებით გაიცნო. და როგორც ჩანს, გაგრძელება იქნება, რადგან ბავშვებისთვის პირველი ავტომობილის შექმნაზე უკვე F1-ის ინჟინრებიც კი ზრუნავენ!

პარმელი ენრიკო კამპარი კარბონის კომპოზიტის სპეციალისტია. ის „სკუდერია ფერარისთვის“ ამ მასალისგან სარბოლო ავტომობილის მონოკოკს და სხვა დეტალებს ამზადებს. 2012 წელს მან საკუთარი ფირმა, „სკუდერია კამპარი“ ჩამოაყალიბა და მიზნად საბავშვო პედლიანი ავტომობილების წარმოება დაისახა.

scuderie-camparis-mira-pedal-car-is-your-kids-dream-come-true-photo-gallery_5

ფირმის პირველი ავტომობილია 1952 წლის „ფერარი 375 ინდის“ შთაგონებით შექმნილი პედლიანი მოდელი „მირა“, რომელმაც რამდენიმე საცდელი პროტოტიპის შემდეგ, საბოლოო სახე მიიღო და მალე მისი წარმოებაც დაიწყო. პატარა ავტომობილმა ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა და „სკუდერია კამპარიმაც“ უკვე სხვა კლასიკური სტილის, პედლიანი ავტომობილების წარმოებაზეც დაიწყო ზრუნვა.

პატარა ავტომობილი კომპოზიტისგან დამზადებულ ბორბლებზე დგას, რომლებიც გასაბერი ბორბლებითაა შემოსილი. საჭის რგოლი ხისგან, პედლების კვანძი კი კევლარისგან დამზადდა. ავტომობილის სიგრძე 1500 მილიმეტრია, სიგანე 500 მილიმეტრი და სიმაღლე – 490 მილიმეტრი.

„სკუდერია კამპარი“ თავისი „მირას“ ფასებს არ აქვეყნებს. ფასი მეტწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მასალით დამზადდება ავტომობილი. მყიდველს შეუძლია აირჩიოს კარბონის, ან შუშის ბოჭკოს კომპოზიტი…

scuderie-camparis-mira-pedal-car-is-your-kids-dream-come-true-photo-gallery_4