პატარა კომპანია, სახელად Scuderia Cameron Glickenhaus-ი იმითაა ცნობილი, რომ წარმოებისთვის მოამზადა თვის ისტორიაში პირველი სერიული მოდელი – SCG003S, რომელმაც ჟენევურ პრემიერამდე, უკვე მოასწრო ნურბურგრინგის წრის რეკორდის (სერიული ავტომობილებისთვის) დამყარება. მან წრე 6 წუთსა და 30 წამში გაიარა და მთელი 27 წამით გააუმჯობესა Porsche 918 Spyder-ის წინა მიღწევა.

ამ შედეგითაც, SCG003S თითქმის 20 წამს აგებს ჩრდილოური მარყუჟის აბსოლუტურ რეკორდთან, რომელიც 1983 წელს ფორმულა 1-ის გერმანელმა პილოტმა, შტეფან ბელოფმა სარბოლო პროტოტიპ Porsche 956-ით დაამყარა. „გლიკენჰაუსის“ ავტომობილი მსოფლიოში უსწრაფესი სერიული მოდელია მოსახვევებშიც. 250 კმ/სთ სიჩქარეზე, აეროდინამიკური ელემენტების წყალობით, მისი ჩაჭიდება 700 კილოგრამით იზრდება, რაც ამავე სიჩქარეზე, მოსახვევის 2g ცენტრიდანული გადატვირთვით გავლის საშუალებას აძლევს.

Glickenhaus-ი თავის ჰიპერ ავტომობილს იტალიაში, Manifattura Automobili Torino-ს უკვეთავს, რომელიც სწორედ სუპერ ავტომობილების და კონცეპტუალური ავტომობილების შეკვეთით წარმოებაზეა სპეციალიზებული. SCG003S აღჭურვილია 4.4-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავით, რომელიც 800 ცხენის ძალას და 850 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავთან წყვილში 7-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი მუშაობს. ამ ტანდემის დახმარებით კი, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფა 3 წამზე ნაკლებში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქქარე კი საათში 350 კილომეტრს აღწევს.

ჰიპერ ავტომობილის მზიდი სტრუქტურა და ძარა მთლიანად კარბონის კომპოზიტისგან არის დამზადებული. ძარას ისეთი ფორმა აქვს, რომ შემხვედრი ჰაერის წინააღმდეგობა მინიმალურია. სატრეკო SCG003C-სგან (C – კომპეტიციონე, ანუ შეჯიბრი) განსხვავებით, საგზაო SCG003S-ს უფრო ნაკლები წინააღმდეგობის მქონე უკანა ანტი ფრთა აქვს. სხვათა შორის, ჟენვის მოტორ შოუზე ეს ორივე ავტომობილი წარსდგება.

ამ ორ ავტომობილს ერთნაირი კარები აქვს. ისინი LMP1 პროტოტიპების სტილში, ზევით იღება და  მათ ქვს უსაფრთხოების მექანიზმი, რომელიც საგანგებო სიტუაციაში, კარის სწრაფად მოხსნის საშუალებას იძლევა. როგორც Scuderia Cameron Glickenhaus-ი აცხადებს, საგზაო SCG003S-იც სრულად აკმაყოფილებს FIA-ს უსაფრთხოების მკაცრ სტანდარტებს.

ასეთი სწრაფი ავტომობილის ეფექტური დამუხრუჭებისთვის, ის Brembo-ს მიერ სპეციალურად შემუშავებული, კარბონ-კერამიკული სამუხრუჭე სისტემითაა აღჭურვილი. წინა ბორბლებს 6-ცილინდრიანი სისტემა ემსახურება, უკანებს კი – 4-ცილინდრიანი.

„გლიკენჰაუსი“ ჯერჯერობით საგზაო SCG003S-ის ფასს არ აქვეყნებს. სავარაუდოდ, ის მილიონ დოლარზე ბევრად მეტი ეღირება.