დიზაინის შვეიცარიულმა კომპანია Sbarro-მ ახალი კონცეპტუალური მოდელი Mojave შეიმუშავა, რომელიც ჰოტ როდის სტილშია შესრულებული. მისი პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართა. სახელი მოხავე მექსიკასა და ამერიკაში მდებარე უდაბნოსგან არის აღებული, სადაც 1930-იან წლებში, ჰოტ როდების ტიპის სარბოლო ავტომობილების პირველი შეჯიბრები ჩატარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ზორბა, 4.0-ლიტრიანი V8 ძრავით არის აღჭურვილი, კონცეპტუალური ავტომობილი ძალიან მსუბუქია – 1 060 კილოგრამს იწონის. ძრავი Jaguar-ისგან არის აღებული. მასთან წყვილში 5-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი მუშაობს, რომელიც BMW-სგან არის აღებული. გარდა ამისა, Mojave-ს ეკიპირებაში Bosch-ის წარმოების სისტემები შევიდა.

ავტომობილის სიმსუბუქე, მის კონსტრუქციაში მსუბუქი მასალების, მეტწილად კი კარბონის ინტენსიურმა გამოყენებამ განაპირობა. ძრავი წინ არის განლაგებული, მის მიერ გამომუშავებულ ძალას კი უკანა ბორბლები ღებულობენ. ბორბლებს მზიდ სტრუქტრურასთან ჩანგლისებრი ბერკეტები აკავშირებს. ავტომობილი OZ-ის წარმოების 20-დუიმიან ბორბლებზე დგას. „სბარროს“ კონცეპტუალური მოდელის დინამიკური მახასიათებლები (თუნდაც თეორიული) არ გამოუქვეყნებია.