საუდის არაბეთის პრინცმა ბადრ ბინ საუდმა Bugatti-ს ორი გამორჩეული ავტომობილი შეიძინა. საერთოდ, ამ კომპანიის ყველა ავტომობილი გამორჩეულია. მაგრამ მათ შორისაც არის ისეთები, როგორსაც ბევრი ავტოკოლექციონერი ინატრებდა. ასეთებია Chiron-ის სადემონსტრაციო ვერსია, რომელიც პირველად ჟენევის მოტორ შოუზე ვიხილეთ და შოუქარი Vision GT, რომელიც ფრანგულმა კომპანიამ ვიდეოთამაშ Gran Turismo-სთვის შეიმუშავა. ორივე ავტომობილი მხოლოდ თითო ეგზემპლარად არსებობს.

„ამ ორმა მანქანამ ავტომობილების ენთუზიასტის და Bugatti-ს დიდი თაყვანისმცემლის გული დაიპყრო, რომელიც საუდის არაბეთიდანაა. მან ორივე შეიძინა, რათა მათ მისი კოლექცია დაამშვენონ. კლიენტთან კონტრაქტი მას შემდეგ დავდეთ, რაც მან ძალიან ხელსაყრელი პირობები შემოგვთავაზა“, – ნათქვამია Bugatti-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მაგრამ ამ ავტომობილების ფასზე არაფერია ნათქვამი. ცნობისათვის, „ჩვეულებრივი“ Chiron-ის ფასი 2.6 მილიონი დოლარია, თუმცა მისი სადემონსტრაციო ვერსია გაცილებით ძვირი ეღირება. ეს ავტომობილი 8.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი W16 ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 1 500 ცხენის ძალას ავითარებს. მისი დახმარებით, „შირონს“ ადგილიდან ასის აკრეფა 2.5 წამში შეუძლია, 300 კმ/სთ სიჩქარეს 13.6 წამში აღწევს, მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 420 კილომეტრია.

რაც შეეხება Vision GT-ს, ეს ავტომობილი ვირტუალურია და საჩვენებლად, მხოლოდ ერთი გზემპლარი დამზადდა. ის იმითაცაა გამორჩეული, რომ მისი მეშვეობით, Bugatti-მ, იმ დროისთვის (2015 წელი) ჯერაც არარსებული Chiron-ის სტილი გვიჩვენა (ფრანკფურტის მოტორ შოუზე).