როგორც ვხვდები საგზაო მოძრაობის ახალმა პროგრამამ უდიდესი ინტერესი გამოიწვია, რადგან ჟურნალისტები ჩემთან დაკავშირებასაც აქტიურად ცდილობდნენ. არ ვარ საქართველოში და ვერ მოვახერხე აზრის გამოხატვა თუმცაღა, აქ დავწერ ჩემი დამოკიდებულების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამაზე ჩვენი (შსს, არასამთავრობოები, სპეციალისტები და სხვა) შეხედულებები რამდენიმე საკითხში გაიყო (განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, რომ არ ვეთანხმები მარჯვენა საჭიანების რეგისტრაციის სრულ აკრძალვას), ვფიქრობ კარგია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა რაღაც ფორმით მაინც დაიწყო და ვიმედოვნებ პროგრამაში გათვალისწინებულია მომავალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა.

არ შემიძლია არ აღვნიშნო უამრავი დადებითი ცვლილებაც, მათ შორის მართვის მოწმობის ახალი წესით აღება. კარგი იქნება თუ კი თვითონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების პროცესის სისტემა დაიხვეწება და გაუძლებს გამოცდას.

მივესალმებოდი პროგრამის ფარგლებში საგზაო მონიშვნების და საგზაო ნიშნების სასწრაფო წესით გაკეთებას და არსებულების კორექტირებას, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა (მძღოლებმა) მოახერხონ წესების დაცვით მოძრაობა და არ გახდნენ მოძრაობის წესების უნებური (ხშირ შემთხვევაში იძულებული) დამრღვევნი და იმედს ვიტოვებ, რომ მრავალი მსგავსი თითქოსდა წვრილმანი, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხი გათვალისწინებულია ახალ პროგრამაში.