ბევრი ფიქრობს, რომ ავტრომობილის უკანა სავარძელზე ჯდომა გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე წინაზე და ამიტომ, არც უსაფრთხოების ღვედის გამოყენებაა აუცილებელი. საგზაო უსაფრთხოების დაზღვევის ინსტიტუტის (IIHS) მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა თითქმის 25 პროცენტი, უკანა სავარძელზე ღვედს არ იყენებს.

IIHS-ის მიერ ჩატარებული კვლევისას, 18 და მეტი წლის ადამიანები გამოკითხეს. 1 172 რესპონდენტიდან 72 პროცენტმა განაცხადა, რომ უკანა სავარძელზეც იკრავს ღვედებს. 91 პროცენტმა კი თქვა, რომ წინა სავარძლით მგზავრობისას, ღვედებს ყოველთვის იყენებს.

როგორც ამავე ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევები აჩვენებს, ფრონტალური შეჯახებისას, უკანა სავარძელზე მყოფ მგზავრს შეუძლია წინაზე მყოფს ტრავმა მიაყენოს, ან მოკლას კიდეც. ეს მაშინ ხდება, როცა ძლიერი ინერციის გამო, ის წინა სავარძელს აწვება და ამით, მასზე მყოფზე დამატებით ზეწოლას ახდენს. ამ დროს განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია მძღოლი, რომელიც ჩვეულებრივზე მეტად აწვება საჭის რგოლს და შესაძლოა, ის ამ დროს უსაფრთხოების ბალიშმაც კი ვერ დაიცვას.

„ადამიანები, ვინც უკანა სავარძელზე ღვედებს არ იყენებს, ალბათ ფიქრობენ, რომ თავიანთი დაუდევრობის გამო, არავინ იზარალებს. მაგრამ ასე არ არის. პირისპირ შეჯახებისას, ღვედები მგზავრებს სავარძლიდან გადმოვარდნის და მყარ სხეულებზე შეჯახებისგან იცავს. ამის გარეშე, სხეული უკონტროლოდ მოძრაობს და ნებისმიერ მყარ ზედაპირთან, ან სხვა მგზავრებთან შეჯახების ალბათობაც გაცილებით იზრდება, რასაც მძიმე ტრავმების გამოწვევა შეუძლია“, – ამბობს IIHS-ის უფროსი ინჟინერი ჯესიკა ჯერმაკიანი.