Rolls-Royce-მა თავის ისტორიაში ყველაზე დიდი შეკვეთა შეასრულა – თავის მაკაოელ კლიენტს, სასტუმრო The 13-ს, 30 ცალი, სპეციალურად გაფორმებული ლიმუზინი Phantom-ი გაუგზავნა. სასტუმრო მალე ოფიციალურად გაიხსნება და საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობას ეს ავტომობილებიც მიიღებენ, რომლებიც სტუმრების მომსახურებისთვის არის შეძენილი.

ყველა ავტომობილი დამზადებულია გრძელბაზიანი Phantom-ის ბაზაზე, რომელიც ბრიტანულმა კომპანიამ პირველად ჟენევის წლევანდელ მოტორ შოუზე წარადგინა. პირველ გრძელბაზიან მოდელებს სწორედ კომპანიის მაკაოელი კლიენტი მიიღებს. სასტუმროს მფლობელია მაკაოელი მილიარდერი სტივენ ჰუნი. ცნობისათვის, მაკაოს შორეული აღმოსავლეთის ლას ვეგასსაც უწოდებენ.

rolls-royce-ships-record-fleet-of-30-bespoke-phantoms-to-macau2

სასტუმროსთვის განკუთვნილი 30-ვე ავტომობილი წითელ ფერშია (ფერს სასტუმროს პატრონის პატივსაცემდ, სტივენი დაარქვეს) შეღებილი. ავტომობილები 21-დუიმიან ბორბლებზე დგანან, მათს სალონში ყურადღებას იმსახურებს სავარძლების ჭადრაკული ჩანართები, ასევე სავარძლების საკისრეებზე წარწერები – „ლუი 13“.

2014 წელს შეკვეთილი ავტომობილებიდან ორი განსაკუთრებით გამოირჩევა და ისინი Rolls-Royce-ის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილებია. მათი სალონის გასაფორმებლად გამოიყენეს ოქროს დეტალები, კომპანიის აღმნიშვნელი აბრევიატურა RR კი ბრილიანტის ქვებით გააფორმეს.

Rolls-Royce-ი შეკვეთის ღირებულებას არ აკონკრეტებს. არაოფიციალური ინფორმაციით, 30 ცალი Phantom-ი დაახლოებით 20 მილიონი დოლარი დაჯდა. რაც შეეხება სასტუმროს, ის 2017 წლის დასაწყისში გაიხსნება და ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო გახდება, სადაც ყველაზე მდიდრულ ნომერში (აპარტამენტში) ერთი ღამის გათევა 130 000 დოლარი ეღირება.