ელექტრომობილების ერთ-ერთი მთავარი ნაკლი ისაა, რომ მათი ელემენტების დამუხტვას დიდი დრო სჭირდება. არის სწრაფად დასამუხტი საშუალებები, მაგრამ ისინი ძვირი ღირს და მაინც იმაზე გაცილებით მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე ბენზინის ჩასხმაა. ეს ყველაფერი კი, სხვა პრობლემებთან ერთად, ელექტრომობილების ფართოდ დამკვიდრებას ხელს უშლის.

დამუხტვის პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ვარიანტი, დისტანციურად დასამუხტი საშუალებებია, რომლებიც გზაზე მოძრაობისას დამუხტვის საშუალებასაც კი იძლევა. სწორედ ასეთი გზის ტესტირება დაიწყეს ბრიტანეთში. ექსპერიმენტს „ჰაივეის ინგლენდი“ ატარებს, რომელმაც სპეციალურად მოაწყო დასამუხტი გზის ზოლები და მათს გამოცდას 18 თვეს გააგრძელებს.

ექსპერიმენტების დროს გამოიყენებენ ავტომობილებს, რომლებიც დამუხტვის უსადენო სისტემებითაა აღჭურვილი. მსგავსი ტექნოლოგიები გზების სიღრმეშიც განლაგდა. ისინი ელექტრომაგნიტური ტალღების გენერირებას მოახდენენ, რომელსაც სპეციალური ხვეულებით, ავტომობილი აითვისებს და მას ელექტრულ ენერგიად გარდაქმნის.

ექსპერიმენტები ამ წლის ბოლოს დაიწყება. მათ შესახებ სრულ ინფორმაცია მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც კონტრაქტორი კომპანია შეირჩევა. ეს ექსპერიმენტი იმითაცაა მიმზიდველი, რომ მისი წარმატებულობის შემთხვევაში, კონტრაქტორ კომპანიას, რეალური გზების აგებასაც მიანდობენ.

ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრმა ენდრიუ ჯონსმა განაცხადა, რომ სახელმწიფომ ამ და სხვა მსგავსი ექსპერიმენტებისთვის, 500 მილიონ გირვანქა სტერლინგი გამოჰყო, რაც ხუთი წლის განმავლობაში დაიხარჯება, რაც ბრიტანეთს ამ ტექნოლოგიების განვითარების მოწინავეთა შორის დააყენებს. საინტერესოა, რომ ამ მიმართულებით, ბრიტანეთს ძლიერი კონკურენტი ჰყავს სამხრეთ კორეის სახით, სადაც უკვე ააგეს 12-კილომეტრიანი მაგისტრალი, რომელიც ელექტრულ ავტობუსებს მუხტავს. იმავე ბრიტანეთში, მილტონ კინსის მახლობლად, უკვე მოქმედებს გზის მონაკვეთი, რომელიც სპეციალური დაფებითაა აღჭურვილი. ოღონდ, დაფისგან ელექტრო ენერგიის მისაღებად, ავტომობილი მასთან უნდა გაჩერდეს.