ბრიტანული კომპანია Riversimple უახლოეს მომავალში მასობრივად დაიწყებს პატარა წყალბადზე მომუშავე ავტომობილების წარმოებას, რომლებიც გარემოს გამონაბოლქვით არ დააბინძურებენ. წარმოების დაწყება მომავალ წელს იგეგმება. ავტომობილს, რომელსაც Rasa დაარქვეს, უკვე გავლილი აქვს პირველი საგზაო ტესტები. ამჟამად ინჟინრები მის სრულყოფაზე მუშაობენ.

ავტომობილს მამოძრავებელი ძალით წყალბადის ელემენტები უზრუნველყოფს, რომლებიც Rasa-ს საწვავის ერთი სრული გაწყობით, 480 კილომეტრის გავლის საშუალებას აძლევენ. ავზი სულ რაღაც, 1.5 კილოგრამ წყალბადს იტევს. პროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ ასეთი დანადგარების ეფექტურობის წყალობით, ამ ტიპის ავტომობილები სწრაფად მოიპოვებენ პოპულარობას.

Rasa სუფთა ფურცლიდან, უსაფრთხოების, ხარისხის და ეკოლოგიურობის ევროპული ნორმების შესაბამისად არის შემუშავებული. სწორედ ნულოვანი გამონაბოლქვის წყალობით, მან სწრაფად მიიქცია ყურადღება, რისი წყალობითაც, Riversimple-მა შეერთებული შტატების მთავრობისგან გრანტის სახით, 2.85 მილიონი დოლარი მიიღო. ამ თანხით, კომპანია 20 ახალ პროტოტიპს დაამზადებს.

Riversimple აცხადებს, რომ Rasa-ს წარმოების პროცესი მარტივი და იაფია. ეს არის საქალაქო ტიპის, ჰეჩბეკის ძარიანი ავტომობილი, რომელიც არც ქალაქგარეთ (ასფალტიან გზაზე) ვოიაჟზე ეტყვის პატრონს უარს. ის მხოლოდ ორ ადამიანზეა გათვლილი და დაბალი კლირენსით გამოირჩევა. მისი კრეისერული სიჩქარე 100 კმ/სთ-ს აღწევს. ამ სიჩქარის ასაკრეფად მას 9.0 წამი სჭირდება.