რედ ბულის დანიელ რიკარდო ამბობს, რომ მისთვის კანადური დიდი პრიზის რბოლა იგივე იყო, რაც „კედელს რომ თავი ახალო“. ის ირწმუნება, რომ ავსტრიულ გუნდს ბევრი პრობლემის მოგვარება მოუწევს იმისათვის, რომ კვლავ კონკურენტუნარიანი გახდეს. ავსტრალიელმა კანადაში შარშან გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად კი მე-13 ადგილს დასჯერდა და თანაგუნდელ დანილ კვიატთან 33 წამი წააგო.

კითხვაზე, რა უნდა მოიმოქმედოს „რედ ბულმა“ სიტუაციის გასაუმჯობესებლად, რიკარდო პასუხობს: „მომავალი სეზონისთვის დიდი პრობლემებია მოსაგვარებელი. ახლა რაც გვაქვს, ამას ვერ შევცვლით. პირველ რიგში ის მაინტერესებს, თუ რატომ ჩემი რბოლა ასეთი ცუდი, დანის რბოლასთან შედარებით. ჩვენ განსხვავებულად მომზადებული მანქანებით ვიასპარეზეთ. ჩემსას აშკარად მეტი აეროდინამიკური ზეწოლა ჰქონდა. ეს ჩემთვის პირველ და მეორე სექტორებში უფრო მოსახერხებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყველგან მოცურებას ვებრძოდი და საბურავებიც ცუდად მუშაობდა. რაღაც ისე არ ხდებოდა, როგორც საჭიროა. პირველ რიგში, ჩემი მანქანა უნდა შემოწმდეს, რადგან რით უნდა დავიწყოთ პრობლემების მოგვარება, წარმოდგენა არ მაქვს. დარწმუნებული ვარ, ბიჭები ამის მიზეზს მიაგნებენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სათანადო სიჩქარე არ მქონდა“.

Petronas-Sponsor

რბოლისას ავსტრალიელს სერხიო პერესმა და კარლოს საინსმა გაასწრეს. საბოლოდ კი, მე-9 პოზიციიდან დაწყებული რბოლა, რიკარდომ მე-13 ადგილზე დაასრულა. „ყველანაირად ვეცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. მანქანას სიჩქარე არ ჰქონდა. 2013 წლის რბოლა გამახსენდა. მაშინ ჟან-ერიკ ვერნმა რბოლა მე-6 ადგილზე დაასრულა, მე კი მხოლოდ მე-15 ადგილს დავჯერდი. მაშინაც წარმოდგენა არ მქონდა, ეს რის გამო მოხდა. ერთი წლის შემდეგ გავიმარჯვე, ახლა კი ისევ არაფერი გამომივიდა. ისღა დამრჩენია გავიღიმო, რადგან ვიცი, რომ სარბოლო მანქანებს ძალიან რთული აგებულება აქვს და ამის გამო, ზოგჯერ მათი არაფერი გესმის“, – ყვება რიკარდო და დასძენს:

„ვიცოდი, რომ ქულების იმედი არ უნდა მქონოდა. მაგრამ ასეთი ნელი თუ ვიქნებოდი, ამას ვერც წარმოვიდგენდი. მაინც თავი არ დამიზოგავს, მაგრამ ეს ერთ-ერთი იმ რბოლათაგანი იყო, რომელიც სწრაფად უნდა დაივიწყო. ეს იმას ჰგავს, რომ კედელს თავი ახალო. ამით მაინც კარგს ვერაფერს მიაღწევ. „უილიამსმა“ წრეზე გამასწრო. მოკლედ, საკმაოდ ცუდი დღე მქონდა“.

Petronas-Sponsor-Footer