პატარა კალიფორნიულმა კომპანია Rezvani Motors-მა, თავის ისტორიაში უგზოობის პირველი მოდელი შეიმუშავა, რომელსაც რატომღაც სახელად Tank-ი შეარქვა. კომპანია თავის ახალ შემოქმედებას ახასიათებს, როგორც „ექსტრემალურ ავტომობილს, რომელიც ცუდ და კარგ გზებზე გადაადგილებისთვის არის განკუთვნილი“.

ავტომობილს უჩვეულოდ უხეში გარეგნობა, სამხედრო ავტომობილებისთვის დამახასიათებელი პატარა ფანჯრები და ძალიან კომფორტული სალონი აქვს. რაც მთავარია, უგზობის დიდ ბორბლებზე დგას და ძალიან მაღალი კლირენსითაც მიგვანიშნებს, რომ მისი სტიქია ცუდ გზებზე მოძრაობაა.

სალონში ხუთი კომფორტული სავარძელი განლაგდა, რომლებიც ტყავითაა გაწყობილი. ცენტრალური კონსოლის შუა ნაწილში, ინფოტაინმენტ სისტემა და მისი სენსორული ეკრანი განლაგდა. სალონს მხოლოდ ერთზონიან კლიმატ კონტროლი ემსახურება. უკანა სეგმენტში იოლად შესაღწევად, ავტომობილს ეგრეთ წოდებული სუიციდური უკანა ორი კარი აქვს, რომლებიც წინების საპირისპიროდ იღება.

ავტომობილი აღჭურვილია 6.4-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც 500 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მისი ძალა ოთხივე ბორბალს, იმ პროპორციით მიეწოდება, რომელიც უკეთეს მართვას და ჩაჭიდებას უზრუნველყოფს. კომპანიას თავისი „ტანკის“ სხვა ტექნიკური მახასიათებლები ჯერ არ გამოუქვეყნებია.

სხვათა შორის, Rezvani მყიდველს ღამით ხედვის თერმულ სისტემასაც სთავაზობს. უფრო მეტიც, მყიდველის სურვილის შემთხვევაში, ავტომობიული ჯავშნითაც აღიჭურვება.

Rezvani-მ უკვე დაიწყო Tank-ზე შეკვეთების მიღება. თითოეული ასეთი ავტომობილი 178 000 დოლარი ღირს.