სუპერ ავტომობილების მწარმოებელმა კალიფორნიულმა კომპანია Rezvani-მ თავისი საწარმოო პროგრამა ახალი მოდელით შეავსო. მისი სახელია Beast Alpha. ეს არის მოდელ Beast-ის (რომლის დებიუტიც შარშან შედგა) მყარსახურავიანი ვერსია და მისგან გარეგნულად სწორედ მხოლოდ სახურავი განასხვავებს.

სტრუქტურულად კი ამ ორ ავტომობილში ძირეული სხვაობაა. Beast Alpha ბაზირებულია Lotus-ის წარმოების ალუმინის შასიზე. ავტომობილს მამოძრავებელ ძალას ისევ Honda-ს წარმოების ოთხცილინდრიანი 2.4-ლიტრიანი K24 ძრავი ანიჭებს, თუმცა მას ტურბო კომპრესორის ნაცვლად, Rotrex-ის მექანიკური კომპრესორი ემსახურება. გარდა ამისა, ძრავს აქვს განსხვავებული კონფიგურაციის წვის კამერები, უფრო გამძლე დგუშები და ბარბაცები.

rezvanis-new-beast-alpha-1

ძრავი 500 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც საკმარისია იმისათვის, რომ 884-კილოგრამიან „მხეცს“ სუპერ ავტომობილის დინამიკური მახასიათებლები ჰქონდეს. კერძოდ, მას ადგილიდან ასის ასაკრეფად 3.2 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 281 კილომეტრია.

Beast Alpha-ს კიდვ ერთი თავისებურება გამოარჩევს – მისი ორივე კარი უცნაურად იღება. მათ სპეციალური დასაკეცი საყრდენი ავტომობილის ძირთან აკავშირებს. საყრდენის გახსნისას, კარი ჯერ „გარეთ გამოდის“, შემდეგ წინ გადაიწევს და კოკპიტში შესასვლელს ათავისუფლებს. ალბათ მოუხერხებელია, თუმცა ისეთი სიახლეა, რომელიც ავტომობილს ინდივიდუალობას ანიჭებს.

სალონი სიმარტივით გამოირჩევა და ის ალკანტარითა და ტყავითაა გაწყობილი. მის ეკიპირებაში შედის ინფოტაინმენტ სისტემა, რომელიც Apple CarPlay-სთან და Android Auto-სთან არის თავსებადი. გარდა ამისა, უსაფრთხოებას აირბალიშები უზრუნველყოფს, კომფორტს კი კონდიცირების სისტემა ემსახურება.

ასეთი ავტომობილის შეძენა 200 000 დოლარად არის შესაძლებელი.