მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, „რენო-ნისანის“ ალიანსმა გაყიდვების მოცულობით უკან მოიტოვა Volkswagen-ის ჯგუფი და მსოფლიო ლიდერი გახდა. ფრანგულ-იაპონურმა კონგლომერატმა, რომელშიც იაპონური Mitsubishi და რუმინული Dacia-ც შედის, ექვს თვეში ჯამში 5 268 079 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა. გერმანულ ჯგუფში შემავალი კომპანიების ანგარიშზე კი 5 115 900 მილიონი გაყიდული ავტომობილია.

Renault-ს მოდელებიდან გაზრდილი პოპულარობით შემდეგი მოდელები სარგებლობს: Clio, Megane, Captur-ი, Sandero და Duster-ი. Nissan-ის გამაში ყველაზე ხშირად X-Trail/Rogue-ს, Sentra/Sylphy-ს, Qashqai-ს და Altima/Teana-ს ყიდულობენ. რაც შეეხება Mitsubishi-ს (მის ანგარიშზე თითქმის 495 000 გაყიდული ავტომობილი მოდის), მის მოდელებს შორის ყველაზე პოპულარული Outlander-ი (გლობალურ ბაზარზე) და Pajero Sport-ია (ასეან-ის რეგიონში).

მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტრომობილების გაყიდვები. სამმა კომპანიამ ჯამში მთელს მსოფლიოში 481,151 გაჰყიდა. ბრენდბს შორის ყველაზე პოპულარულებია Nissan Leaf-ი, Renault Zoe (ფოტოზე) და Mitsubishi i-Miev.

ალიანსში ყველაზე მეტი, 2 894 488 ავტომობილი „ნისანმა“ გაყიდა, რაც 5.6-პროცენტიანი ზრდაა. კომპანიის საუკეთესო ბაზრებია: შეერთებული შტატები, ჩინეთი და იაპონია (ამავე თანმიმდევრობით). მათ მოჰყვებიან მექსიკა, გაერთიანებული სამეფო, კანადა, რუსეთი, საფრანგეთი, იტალია და გერმანია.

„რენოს“ ანგარიშზე 1 879 288 გაყიდული ავტომობილია, რაც 10.4-პროცენტიანი ზრდაა. ამ კომპანიის ყველაზე წარმატებული ბაზრებია საფრანგეთი, რუსეთი და იტალია. მათ მოჰყვებიან გერმანია, ესპანეთი, თურქეთი, ბრაზილია, ირანი, გაერთიანებული სამეფო და არგენტინა.

Renault-Nissan-ის ალიანსის შეფი კარლოს გონი ამბობს, რომ ალიანსის გაყიდვების ზრდა კვლავაც გაგრძელდება, რასაც ახალი ბაზრების ათვისებით და არსებულებზე ახალი პროდუქტების ინტენსიურად გამოტანით მიაღწევს. და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება ელექტრომობილების ბაზარზე მოპოვებული ლიდერობის შენარჩუნებას მიექცევა.