რედ ბული ყველანაირად ცდილობს, რომ ხერესის ტესტებისთვის ახალი RB11, რომელიც ისევ ედრიან ნიუის ხელმძღვანელობითაა შემუშავებული, მზად ჰქონდეს, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, მანქანას ჯერ სავალდებულო ქრეშ ტესტებიც არ გაუვლია. და მაინც, გუნდი იხტიბარს არ იტეხს და ირწმუნება, რომ კვირისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.

როგორც იტალიური გამოცემა „ომნიკორსე“ იტყობინება, ქრეშ ტესტების გაუვლელობის მიზეზი, შასის პრობლემებია. ტესტების გარეშე კი, ახალი მანქანის ტესტებზე გაშვება ნებადართული არაა. იმავე გამოცემის ინფორმაციით, ავსტრიული გუნდი დღედაღამე მუშაობს იმისათვის, რომ დანიელ რიკარდომ და დანილ კვიატმა ტესტებზე გამოსვლა შეძლონ.

გუნდის შეფი კრისტიან ჰორნერი ამბობს, რომ ახალ სეზონშიც ფავორიტი „მერსედესი“ იქნება, რომელსაც გასული სეზონის ბოლოს კონკურენტებთან სოლიდური უპირატესობა ჰქონდა. თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ძრავების მხრივ, „რენო“ ჩამორჩენის შემცირებას მოახერხებს. ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, საფუძვლიანად მოდიფიცირებული აგრეგატი 850 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

„ომნიკორსე“ ვარაუდობს, რომ „რედ ბული“ კვირას დილით ტესტებზე იქნება, ქრეშ ტესტებს კი დღეს გაივლის. ამგვარად, გუნდს ხერესის ტესტებისთვის მოსამზადებლად კიდევ ორი დღე დარჩებათ. ჰორნერი იმედოვნებს, რომ ხერესამდ ყველაფერი მოესწრება. „იმ ათ სეზონში, რაც ფორმულა ერთში ვართ, ახალი მანქანის მოსამზადებლად ყველაზე ცოტა დრო ახლა გვქონდა. დაუჯერებელია ის, რაც ჩვენმა ქარხანამ ასეთ მოკლე დროში მოასწრო“, – ამბობს ჰორნერი.

სხვათა შორის, დღეს ახალ ბოლიდს, „ჰონდას“ ძრავით აღჭურვილ MP4-30-ს, „მაკლარენი“ გვიჩვენებს, შემდგ კი პრეზენტაციებს „ფერარი“ და „ზაუბერი“ გამართავენ. სავარაუდოდ, „ტორო როსოს“ ახალ STR10-საც ტესტების დაწყებამდე ვიხილავთ, ისევე როგორც „მერსედესის“, „უილიამსის“, „რედ ბულის“ და „ლოტუსის“ კი ახალ ბოლიდებს.

ხერესში არ ჩავა „ფორს ინდია“, რომელმაც ჩათვალა, რომ ძველი მანქანის ტესტირებას აზრი არ აქვს. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდურ გუნდს ფინანსური პრობლემები აქვს. ჯერჯერობით უცნობია „კატერჰემის“ და „მენორის“ (ყოფილი მარუსია) ბედი.