კომპანია „რედ ბულის“ დამაარსებელი და თანამფლობელი დიტრიხ მატეშიცი ამბობს, რომ მისი კომპანია ფორმულა ერთს დატოვებს იმ შემთხვევაში, თუ კონკურენტუნარიან ძრავს ვერ მიიღებს. უფრო ადრე, მსგავსი მოსაზრება მისმა მრჩეველმა, დოქტორმა ჰელმუტ მარკომაც გამოთქვა.

„ჩვენ ფორმულა ერთში მხოლოდ იმ შემთხვევაში დავრჩებით, თუ კონკურენტუნარიანი გუნდი გვეყოლება. ამისათვის კი კონკურენტუნარიანი ძალური დანადგარი გვჭირდება. თუ ასეთს ვერ მოვიპოვებთ, მაგრამ გვეყოლება საუკეთესო მანქანა და საუკეთესო პილოტები, გამარჯვებისთვის ბრძოლის შანსი მაინც არ გვექნება“, – ამბობს მატეშიცი და დასძენს:

„ავტომწარმოებელმა უნდა შეძლოს კონკურენტუნარიანი აგრეგატის შექმნა. თუ ეს შეუძლია, ხომ კარგი, მაგრამ თუ არ შეუძლია, მნიშვნელობა არ აქვს ამის მიზეზს, ის უნდა წავიდეს“. მაგრამ „რენო“ წასვლას რომ არ აპირებს, ამის შესახებ ფრანგულ კომპანიას არაერთხელ განუცხადებია. პირიქით, ის საკუთარი გუნდის დაბრუნებას აპირებს და შესაძლოა, იმავე მატეშიცისგან „ტორო როსო“ გამოისყიდოს.

Petronas-Sponsor

არის ასევე „ფერარის“ პრეცედენტი: იტალიურ გუნდს გასულ სეზონში თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უარესი გამოსვლა ჰქონდა. ამის გამო, მარანელოში საფუძვლიანი რეფორმა ჩატარდა. და სულ რამდენიმე თვეში, „სკუდერია“ „მერსედესის“ მთავარ კონკურენტად იქცა. უფრო მეტიც, მალაიზიის დიდი პრიზი მოიგო. ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და ბევრ ლაპარაკს საქმის კეთება სჯობს.

სხვათა შორის, „რედ ბულსა“ და „რენოს“ შორის ურთიერთობა ერთხელ უკვე დაიძაბა. მაგრამ ფრანგებმა შეძლეს სიტუაციის შემობრუნება და ავსტრიულ გუნდთან ერთად, ზედიზედ ოთხი ტიტული მოიპოვეს…

Petronas-Sponsor-Footer