Red Bull-ი და თოვლი ერთმანეთთან უცხოები არ არიან – ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია სპორტის ზამთრის სახეობებში კარგადაა წარმოდგენილი და არაერთ სახელოვან სპორტსმენს უჭერს მხარს. მაგრამ ფორმულა 1-ს თოვლთან საერთო არაფერი აქვს. მითუმეტეს, სლალომის ტრასასთან. მაგრამ „წითელმა ხარებმა“ და მათი იტალიური გუნდის, „ტორო როსოს“ თინეიჯერმა ვარსკვლავმა, გასული სეზონის ჰოლანდიელმა აღმოჩენა მაქს ფერსტაპენმა კიდევ ერთხელ გაგვაოცეს. იხილეთ ვიდეორგოლი:

უჩვეულო სანახაობის მოსაწყობად, „რედ ბული“, ფერსტაპენი და ჩემპიონი ბოლიდი RB7, ავსტრიულ ალპებს ეწვივნენ. სარბოლო მანქანა 1600 მეტრის სიმაღლეზე ვერტმფრენით აიყვანეს. მისი ბორბლები, სპეცალური ჯაჭვებით შეიმოსა, რათა თოვლიან ფერდობზე ჩაჭიდება გაეუმჯობესებინა. საკიდარის დახმარებით, ბოლიდის კლირენსიც ოდნავ გაზარდეს, რათა არცთუ იდეალურად სწორ ფერდობზე, მანქანა „მუცლით“ გზას არ წამოსდებოდა.

Red-Bull-Formula-1-Car-Charge-a-Snowy-5-

როგორც კი გამოიდარა, 2.4-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავით აღჭურვილ RB7-ზე ამხედრებულმა ფერსტაპენმა სტარტი აიღო. რა თქმა უნდა, ფერდობზე დასაშვები ტრასა, სარბოლო ავტომობილის გაბარიტების და თვისებების შესაბამისად დახაზეს. თუმცა წარმოიდგინეთ, რა ძნელი სამართავია ასეთი სიმძლავრის მქონე ავტომობილი სწორ გზაზე და რა იქნებოდა თოვლიან ტრასაზე. თუმცა, ფერსტაპენმა ამჯერადაც ისახელა თავი და ძალიან რთული და უჩვეულო შოუ უნაკლოდ ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ Red Bull Racing-მა სარბოლო ავტომობილი RB7 2011 წელს შექმნა. ავტომობილმა სეზონის 19 რბოლაში მხოლოდ ორჯერ ვერ მიაღწია ფინიშს. იტალიაში მარკ ვებერს ავარია მოუვიდა, აბუ დაბის რბოლას კი სებასტიან ფეტელი გამოეთიშა. ფეტელმა მსოფლიო ჩემპიონის ზედიზედ მეორე ტიტული მოიპოვა, „რედ ბული“ კი ასევე ზედიზედ მეორედ გახდა კონსტრუქტორთა თასის მფლობელი. სეზონის განმავლობაში, „რედ ბულის“ პილოტებმა RB7-ით 12 რბოლა მოიგეს. ცნობისათვის, ფეტელმა სეზონის დაწყებამდე, თავის ავტომობილს „კინკი კაილი“ (ხუჭუჭა კაილი) დაარქვა.