რედ ბულის და რენოს ხელმძღვანელობამ მოილაპარაკეს, რომ აღარ გააგრძელონ ერთმანეთის საჯაროდ კრიტიკა და სიტყვიერი ომი და მთელი ყურადღება პროგრესის მისაღწევად გადაიტანონ, რათა მოულოდნელად დაწინაურებული ფერარის დაწევა შეძლონ. ავსტრიული გუნდი არ ერიდება ფრანგული კომპანიის მიერ მიწოდებული ძრავების კრიტიკას.

მაგრამ მალაიზიის რბოლის ფინიშთან რედ ბულის პილოტებზე ადრე, „ტორო როსოს“ პილოტები მივიდნენ, რომლებიც ასევე რენოს ძრავებით ასპარეზობენ. ამ ფაქტმა კი გამოავლინა, რომ არც ხარების მიერ შექმნილი ავტომობილი გამოირჩევა კონკურენტუნარიანობით. ამის შედეგი ისაა, რომ სეპანგზე დანილ კვიატმა და დანიელ რიკარდომ შესაბამისად, მე-9 და მე-10 ადგილები დაიკავეს და გამარჯვებულ სებასტიან ფეტელს წრეზე მეტით ჩამორჩნენ.

Petronas-Sponsor

კომპანია რედ ბულის და მისი მფლობელის, დიტრიხ მატეშიცის მოტორსპორტის საქმეთა მრჩეველი ჰელმუტ მარკო ამბობს, რომ პარტნიორთან უთანხმოება დასრულებულია, თუმცა ისიც აღიარა, რომ რედ ბულს და რენოს ამიერიდან „ერთმანეთი აღარ უყვართ“.

„ჩვენ შევხვდით და გადავწყვიტეთ, როგორ უნდა ვიმუშაოთ სეზონის ბოლომდე. არაა აუცილებელი, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ძრავი, რომელიც მუშაობს. ახლანდელი რეგლამენტით, ლიდერებთან ჩამორჩენის შემცირება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა ადრე გვქონია შემთხვევები, როცა მაშინაც ვიგებდით, თუ ჩვენი ძრავები არ იყო ყველაზე მძლავრი. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რა შეძლო „ფერარიმ“. „რენოს“ ინჟინრები გვპირდებიან, რომ ამ დონეს სეზონის ბოლოს მივაღწევთ და მაშინ კი შევძლებთ მოწინავეებთან ბრძოლას. და ჩვენ შევთანხმდით, შევწყვიტოთ კამათი, რათა მიზნის მიღწევა შევძლოთ“, – ამბობს მარკო.

ის დასძენს, რომ ურთიერთკრიტიკა ემოციების შედეგი იყო, რომლებსაც საფუძველი ჰქონდა: „მთელი ეს კრიტიკა, იმ ემოციების ბრალია, რასაც საფუძველი გააჩნდა. ჩვენს მიერ გამოთქმული კრიტიკა არც იყო მკაცრი, მაგრამ როცა სირილ აბიტბულის (რენოს ფ1-ის პროგრამის შეფი) სიტყვები გადმოგვითარგმნეს, ზედმეტად მკაცრად აღვიქვით“.

Petronas-Sponsor-Footer