Land Rover-ის დიზაინერი ჯერი მაკგოვერნი ამბობს, რომ კომპანიის შტო SVO-ს (Special Vehicle Operations) დახმარებით, სატუნინგო კომპანიებს უსაქმოდ დატოვებს. ის თვლის, რომ ეს კომპანიები უმნიშვნელო მოდიფიკაციებით, უზარმაზარ მოგებას ღებულობენ. მათი ძირითადი სამიზნე კი Range Rover-ია, რომელიც ძვირი ფასით გამოირჩევა და მისი ექსკლუზიური ვერსიები დიდი მოგების მიღების საშუალებას იძლევა.

„ადვილია, აიღო პროდუქტი, რომელიც სხვამ შექმნა და მიამაგრო განსხვავებული სპოილერი, ან სხვა რამ. მე მათ ვურჩევ, რომ საკუთარი ავტომობილი შეიმუშაონ. ჩემი აზრით, ისინი ჩვენს საკუთრებას, დიდი მოგების მისაღებად იყენებენ. ამიტომ, ჩვენ მათ ბიზნესს, SVO-ს დახმარებით დავტოვებთ მშრალზე. ჩვენ მომხმრებლებს გაცილებით უკეთეს შესაძლებლობებს და ხარისხს შევთავაზებთ“, – ამბობს მაკგოვერნი.

მოსალოდნელია, რომ უახლესი Range Rover Velar-ი (ფოტოზე) ძალიან პოპულარული იქნება სატუნინგო კომპანიების პროგრამებში, რომლებიც მყიდველს ავტომობილის დიზაინის დახვეწას, ტექნიკური მახასიათებლების გაუმჯობესებას და მდიდრულად გაწყობას შესთავაზებს.

მაკგოვერნის განცხადება ერთია და რეალური საქმე მეორე. და თუ „იაგუარ ლენდ როვერი“ მართლაც გადაწყვეტს SVO-ს ტუნინგის მიმართულებით გააქტიურებას, მაშინ მალე ბაზარზე ბრიტანული კომპანიის მოდელების უამრავი ახალი ვერსია გამოვა. მათ შორის იქნება როგორც ერთჯერადი, ასევე შეზღუდული ტირაჟის ვერსიები. თუმცა სათუოა, ამან სატუნინგო კომპანიების გაქანება როგორმე შეზღუდოს. ისინი მომხმარებელს ყოველთვის იპოვნიან და ისეთ რამეს შესთავაზებენ, როგორიც SVO-ს პროგრამაში არ შევა.