ლენდ როვერი უკვე დიდი ხანია, აწარმოებს თავისი პოპულარული „რეინჯ როვერ სპორტის“ ყველაზე მძლავრ ვერსია SVR-ს, რომლის ძრავიც 550 ცხენის ძალას ავითარებს. მაგრამ ეს ყველაფერი არაა და ბრიტანული კომპანია კიდევ ერთ ტემპერამენტიან ავტომობილს გვპირდება. პირობას კი ვერსია HST-ს სახით განახორციელებს.

ეს ავტომობილი 3.0-ლიტრიანი V6 ძრავით აღიჭურვება, რომელიც მექანიკური დამჭირხნის დახმარებით, 380 ცხენის ძალას განავითარებს. სხვათა შორის, ამ ძრავს მას „იაგუარF-ტაიპ S“ გაუზიარებს, რომლის შემთხვევაშიც, სიმძლავრე 40 ცხენის ძალით ნაკლებია. ახალი „რეინჯ როვერ სპორტ HST-ს“ პრემიერა მალე ნიუ იორკის ავტო შოუზე გაიმართება. ბრიტანული კომპანია იქ ამ ავტომობილის დინამიკურ მახასიათებლებსაც გაგვცნობს.

„ლენდ როვერი“ აცხადებს, რომ ვერსია HST-ს მოდიფიცირებული საკიდარი აქვს რომელიც მოსახვევებში მის გადახრას ამცირებს და მანევრულობას და მდგრადობას აუმჯობესებს. ავტომობილი 20-დუიმიანი სამუხრუჭე დისკებით აღიჭურვა, რომლებსაც უფრო ეფექტური სუპორტები ემსახურება. დაიხვეწა სისტემა „ტერეინ რესპონსის“ მახასიათებლები.

მექანიკური სიახლეების გარდა, HST ვიზუალურადაც ოდნავ შეიცვალა. ახალია ალუმინის 21-დუიმიანი ბორბლები, რომლებშიც კარგად ჩანს წითელი ფერის სამუხრუჭე სუპორტები. განმასხვავებელი ნიშანია შავი (სატრონი ბლექ) ფერის სახურავი და უკანა სპოილერი, ასევე „შებოლილი“ ფარები, გაზრდილი სიმძლავრის შესაფერისი ათლეტური აღნაგობა, რასაც ხაზს უსვამს ძარის ფერში შეღებილი გვერდითა არშიები.

ინტერიერში სიახლეა ორი ტონის ტყავით (მარკა ოქსფორდი) გაწყობილი სავარძლები. აქ ნხავთ ვერსია HST-ს წარწერებს, ალუმინის პედლებს, მეტალით შესრულებულ გადასართავ ბერკეტებს, რომლებიც საჭის რგოლზეა მოთავსებული.