Jaguar Land Rover-ის სატუნინგო შტომ, სახელად SVO (Special Vehicle Operations), შეიმუშავა ბრიტანული კომპანიის ისტორიაში პირველი ჯავშნიანი ავტომობილი, სახელად Range Rover Sentinel-ი. ის „რეინჯ როვერის“ მდიდრულ ვერსია Autobiography-ს სტანდარტულბაზიანი ვერსიის ბაზაზეა დამზადებული. ის აღჭურვილია VR8 სტანდარტის ჯავშნით, რაც იმას ნიშნავს, რომ კონსტრუქციაში ზემტკიცე ფოლადია გამოყენებული და ჯავშანი, ჯავშანგამტან და ცეცხლგამჩენ 7.62 კალიბრის ტყვიებს უძლებს.

Armored-Range-Rover-Sentinel-1

ამასთან, „რეინჯ როვერ სენტინელის“ ჯავშანი, 15 კილოგრამი ტროტილის (ტრინიტროტოლუოლის) აფეთქებასაც უძლებს. მისი სახურავისა და ძირის ჟავშანს კი, ყუმბარა DM51-ის არ ეშინია. ასეთ დაცულობას უზრუნველყოფს სალონის ექვს სეგმენტად დაყოფილი სტრუქტურა, რომლებიც ზემტკიცე ფოლადითაა აგებული. გარდა ამისა, ჩვეულებრივი შუშა, მრავალშრიანით შეიცვალა, რომელიც დაბურულიცაა და ტყვიის პირდაპირ მოხვედრას უძლებს. ავტომობილს ავარიული გასასვლელიც აქვს, რომელიც უკანა სავარძლების უკან მდებარეობს.

გარდა ამისა, წონის გაზრდის გამო, რაც ფოლადის დამატებითი სტრუქტურების შექმნას მოჰყვა, შესაცვლელი გახდა საკიდარიც. მაგრამ როგორც კომპანია ირწმუნება, ავტომობილი ამის შემდეგაც ისეთივე კომფორტული და დაბალანსებული სვლით გამოირჩევა, როგორიც სერიულ „რეინჯს“ აქვს. ჯავშნოსანი 20-დუიმიან ბორბლებზე დააყენეს, რომლებიც სპეციალური საბურავებით შეიმოსა. ეს საბურავები მაშინაც უზრუნველყოფს ავტომობილის გადაადგილების უნარს, როცა სხვადასხვა მიზეზის გამო, დაშვებულია. შეიცვალა აკუმულატორი და მუხრუჭები, რომლებზეც 380 და 365-მილიმეტრიანი (შესაბამისად, წინ და უკან) დისკოები დააყენეს.

Armored-Range-Rover-Sentinel-2

ჯავშნიანი „რეინჯი“ იმავე ძრავითაა აღჭურვილი, რომლითაც მისი სტანდარტული ვერსია. ესაა 3.0-ლიტრიანი V6, რომელიც მექანიკური დამჭირხნის დახმარებით, 340 ცხენის ძალას ავითარებს. ძრავთან კომპანია ZF-ის წარმოების 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული. SVO მოდელ „სენტინელის“ დინამიკურ მახასიათებლებს ჯერ არ აქვეყნებს.

ამ ინფორმაციას ალბათ ავტომობილის პრემიერის შემდეგ შევიტყობთ, რომელიც ლონდონის თავდაცვისა და უსაფრთხოების ეკიპირების საერთაშრისო გამოფენაზე, 15-18 სექტემბერს გაიმართება. Range Rover Sentinel’ის ფასი 400 000 ევრო იქნება.