კიმი რაიკონენი ამბობს, არ ესმის, რატომ არ დააჯარიმეს სტიუარდებმა დანიელ რიკარდო, რომელიც მისი გასწრებისას, კონტაქტსაც არ მოერიდა. საბოლოოდ ავსტრალიელმა, ვინც სუპერ რბილი საბურავებით იყო, მეხუთე ადგილი დაიკავა, „ფერარის“ პილოტი კი მეექვსე ადგილს დასჯერდა. სტიუარდებმა ფინიშამდე 6 წრით ადრე მომხდარი განიხილეს და რიკარდოს მანევრში წესის დარღვევა ვერ დააფიქსირეს.

„რბოლისას ერთი ადგილით წინ წავიწიე, მაგრამ სულელური მიზეზის გამო, ისევ დავკარგე. მე ნორმალურ ტრაექტორიაზე ვიყავი, როცა რიკარდოს მანქანა უკანა ბორბალზე დამეჯახა და მოსახვევის გარეთ მიბიძგა, თვითონ კი ჩემს ტრაექტორიაზე გავიდა და გამასწრო. არაა კარგი, როცა ასეთი მანევრების უფლებას იძლევიან. მართლა გასაკვირია, მაგრამ ვერაფერს გავაკეთებ“, – ამბობს რაიკონენი.

Petronas-Sponsor

სტიუარდებმა რბოლის დასრულებამდე მოასწრეს მოხდარის ჩანაწერის ნახვა და განხილვა და გადაწყვიტეს, რომ „არცერთი მრბოლი, სრულად ან ნაწილობრივ, ინციდენტში დამნაშავე არ იყო“. და რა თქმა უნდა, მათ გადაწყვეტილებას რიკარდო დაეთანხმა:

„კიმისთან მცირე შეჯახება მქონდა. მონაკოში მცირე კონტაქტის გარეშე, გასწრება თითქმის შეუძლებელია. სტიუარდებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და ვფიქრობ, მაყურებელს და ფანებსაც მოეწონათ ეს მომენტი“.