კიმი რაიკონენი დარწმუნებულია, რომ ყველა სიახლე, რომლებიც „ფერარიმ“ პირველად ესპანეთის დიდ პრიზზე გამოიყენა და რომლებმაც იქ რატომღაც, გაწბილება გამოიწვია, საბოლოო ჯამში გუნდს ახეირებს. ეს ბარსელონაში ჩატარებული ტესტების დროსაც დადასტურდა. არადა, იმავე ტრეკზე, ავტომობილს გზის საფართან მექანიკური ჩაჭიდება აკლდა.

რაიკონენი ამბობს, რომ დროთა განმავლობაში, გუნდი ამ სიახლეებისგან მეტ სარგებელს მიიღებს. ამის მიზეზად კი ის გარემოება მიაჩნია, რომ SF-15-ს ყველა ტიპის ტრეკი ერთნაირად არ მიესადაგება. ცნობისათვის, მონტმელოზე მარანელოელთა ბოლიდი „მერსედესებთან“ ყველაზე მეტად მესამე სექტორში აგებდა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახალი ნაწილები კარგია, რადგან სხვა შემთხვევაში, მათ მანქანაზე არ დააყენებდნენ. ყველა ტრეკი განსხვავებულია და მათზე ასპარეზობისას, ეს ნაწილები განსხვავებულად იმუშავებს. ბარსელონაში ძნელი რბოლა გვქონდა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, აქ და შემდგომ რბოლებშიც, გაცილებით უკეთესად გამოვალთ. გასული სეზონის შემდეგ, საგრძნობლად წინ წავიწიეთ და მცირე შეფერხებამ არ უნდა შეგვაჩეროს“, – ამბობს ფინელი მრბოლი.

მონაკოში გამართულ პრესკონფერენციაზე, მას ასევე ჰკითხეს, თუ რას ფიქრობს გავრცელებულ ხმებზე იმის შესახებ, რომ „ფერარი“ ვალტერი ბოტასის მიწვევას (რა თქმა უნდა, მის ადგილზე) აპირებს: „ამაზე „ფერარის“ უნდა ჰკითხოთ, რას აპირებს. ამაზე მე არ ვშიშობ. დრო გვიჩვენებს, რა იქნება“.

Petronas-Sponsor-Footer