როდესაც ჩინურმა „ჩერიმ“ და ებრაულმა „ისრაელ კორპორეიშნმა“ ერთობლივი კომპანია „ქოროსი“ შექმნეს (თავიდან სხვა სახელი ერქვა), მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ევროპულ ბაზარზე ფეხის მოკიდება იყო. კომპანიამ თავისი პირველი ავტომობილი, სედანი „ქოროს 3“ პირველად ჟენევის 2013 წლის მოტორ შუზე წარადგინა, თუმცა იმავე წლის ბოლოს, მისი გაყიდვები ჩინეთში დაიწყო.

ახლახანს კი „ქოროსმა“ თავისი უახლესი კონცეპტუალური ავტომობილი, სახელად „2 SUV PHEV“, შანჰაის ავტო შოუზე წარადგინა. ამ ავტომობილის სახეით, ჩინურ-ებრაული კმპანია, თავისი სტილის შესაძლო ახალი მიმართულების გარდა, საკუთარ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებსაც წარმოგვიდგენს. „ქოროსის“ განცხადებით, ასეთი ავტომობილი ახალგაზრდა, აქტიური ცხოვრების მიმდევარ მყიდველს დააინტერესებს.

არაა გამორიცხული, რომ „2 SUV PHEV“ მალე სერიულ ავტომობილადაც მოგვევლინოს. ამ შემთხვევაში, ის კომპანიის ყველაზე პატარა პატარა ავტომობილი გახდება. კონცეპტის სიგრძე 4 181 მილიმეტრია, სიგანე 2 030 მილიმეტრი, სიმაღლე კი 1 553 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა 2 600 მილიმეტრია. ამ ეტაპზე, „ქოროსი“ C სეგმენტის სამ ავტომობილს (სედანს, ჰეჩბეკს და ქროსოვერს) აწარმოებს. შანჰაიში წარდგენილი კონცეპტი კი სუბკომპაქტური B სეგმენტისაა.

Qoros-2-SUV-PHEV-2

„ქოროს 2 SUV PHEV“ ორიგინალური და საკმაოდ თამამი დიზაინით გამოირჩევა. მისი დამახასიათებელი გარეგნული თვისებებია ვერტიკალურად ორიენტირებული წინა და უკანა ფარები, გრძელი ბაზა, ძალიან განიერი კვალი და მოკლე გადმონაშვერები. წინა ბამპერს ერთგვარი V-ს მოყვანილობა აქვს. ავტომობილს პანორამული სახურავი აქვს, რომელიც ჩინური ტრადიციის შესაბამისად, თეთრი ფერის ნახატითაა გაფორმებული.

„ქოროსს“ კონცეპტუალური ავტომობილის ინტერიერი არ უჩვენბია, თუმცა გამოაცხადა, რომ სალონი მინიმალისტურ სტილშია შესრულებული. ამასთან, იქ ჰორიზონტალური ფორმები სჭარბობს. მაჩვენებლების დაფა ციფრულ ეკრანზე განლაგდა, ცენტრალურ კონსოლზე კი მთავარი ადგილი მულტი ფუნქციურ სენსორულ სისტემას უკავია.

რაც შეეხება აგრეგატს, ესაა პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემა, რომლის მახასიათებლებიც „ქოროსს“ არ გამოუქვეყნებია. ცნობილია, რომ მასში შევა ძალიან ეფექტური, მიკროლიტრაჟიანი ტურბო ძრავი, რომელიც წინა ბორბლებს დაუკავშირდება. უკანა ბორბლებს კი ორი მძლავრი ელექტრო ძრავი ატრიალებს. მათ ენერგიით დიდი ტევადობის ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომელიც ავტომობილის ძირზეა განლაგებული.