ეს ამერიკული კომპანია, სახელად Proterra, წლების განმავლობაში არავისთვის იყო ცნობილი. Tesla-ს მსგავსად, ისიც სილიკონის ველზე დაარსდა. მუშაობა ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო და თავიდანვე მისი მიზანი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების წარმოება იყო. თავისი პირველი სამი ელექტრობუსი 2009 წელს გაყიდა. ბოლო წლებში კი გაყიდვები მნიშვნელოვნად გაზარდა.

მაგრამ პირველი თაობის ელექტრობუსების მთავარი პრობლემა, სვლის მცირე სიშორეა (დაახლოებით 240 კილომეტრი), რის გამოც, ბევრი გადამყვანი კომპანია მისი შეძენისგან თავს იკავებს. ამის მიუხედავად, შარშან 12-მა სააგენტომ Proterra-სგან 62 ელექტრობუსი შეიძინა. გაყიდვები გაცილებით მეტი იქნებოდა, სვლის სიშორე რომ რეისების მოთხოვნებს შეეფერებოდეს.

proterra-electrobus

დღეს კი ამერიკული კომპანია ირწმუნება, რომ შეიმუშავა ელექტრობუსის ახალი ვერსია, რომელიც ბაზრის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მის პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ახალ ავტობუსს მარშრუტების 18 საათის განმავლობაში უწყვეტი მომსახურება შეუძლია. ეს კი დიზელისძრავიანი ავტობუსების შესაბამის მაჩვენებელს უტოლდება.

ავტობუსის სახელი Proterra Catalyst E2. მისი სიგრძე 12 მეტრია და ელემენტების ბლოკის სრული შევსების შემთხვევაში, სატესტო ტრეკზე დაახლოებით 560 კილომეტრის გავლა შეუძლია. შედარებისთვის, Tesla-ს მიერ ახლახანს მოდფიცირებული Model S-ის და Model X-ის სვლის სიშორე 500 კილომეტრზე ოდნავ მეტია. ნებისმიერ შემთხვევაში, ჯერჯერობით ბაზარზე სწორედ ეს ორი მსუბუქი ელექტრომობილია, რომლებსაც ამდენის გავლა შეუძლიათ.

ახალი ელექტრობუსის შემუშავებისას, Proterra-ს ორიენტირი სწორედ ეს მაჩვენებელი იყო. ამისთვის საჭირო გახდა ელემენტების ბლოკის გაზრდა, რამაც ავტობუსი ძალიან დაამძიმა. მაგრამ როგორც კომპანიის ვიცე პრეზიდენტი გაყიდვების სფეროში, მეტ ჰორტონი ამბობს, წონის გასაკონტროლებლად, ინჟინრებმა ავტობუსის ძარა და სტრუქტურის ნაწილი, კარბონის კომპოზიტისგან დაამზადეს. ელემენტები ავტობუსის ძირზე განლაგდა, რისი წყალობითაც, სიმძიმის ცენტრმა საგრძნობლად დაბლა დაიწია.

ელემენტების (რომლებსაც თავად Proterra ამზადებს) ბლოკის ტევადობა 660 კილოვატსაათამდე გაიზარდა, რაც საკმრისია იმისათვის, რომ ავტობუსმა ერთი სრული დამუხტვით 560 კილომეტრი გაიაროს. დახურულ ტრეკზე, სადაც შეუძლებელია ქალაქის ქუჩაში გადაადგილების მოდელირება, 440 კილოვატსაათი საკმარისი იყო იმისათვის, რომ ავტობუსს 960 კილომეტრი გაევლო.

proterra-e2-1

მაგრამ ავტობუსებს მუშაობისას მუდმივად უწევს გაჩერებაზე დამუხრუჭება, მის სვლის სიშორეზე ასევე გავლენას ახდენს ტემპერატურა, მოსახვევები, საგზაო პირობები. სწორედ ამიტომ, ჰორტონი ამბობს, რომ რეალურ პირობებში, 960 კილომეტრის გავლა შეუძლებელია.

ღამის საათებში, როცა სამუშაოსგან თავისუფალი იქნება, ავტობუსის სრულად დამუხტვა, ჩვეულებრივ სადგურებში იქნება შესაძლებელი. ოღონდ, ჰორტონი არ აზუსტებს, რა დროა საჭირო ენერგიის სრულად შესავსებად.

ამერიკული კომპანია თავისი ახალი ავტობუსის მიწოდებას პირველ რიგში, შტატ კალიფორნიაში, მომავალი წლიდან დაიწყებს. სულ კი Proterra-ს 15 შტატიდან 300-ზე მეტი შეკვეთა აქვს მიღებული.