Porsche თავის მორიგ ახალ ავტომობილს, სახელად Panamera Sport Turismo-ს სერიული სახით, პირველად ჟენევის მომავალი წლის მოტორ შოუზე წარადგენს. მეორე თაობის Panamera-ს პრემიერისას, გერმანულმა კომპანიამ დაადასტურა, რომ მის ახალ, Shooting Brake სტილის ძარით აღჭურვილ ვერსიასაც გამოუშვებს, რომელიც 2012 წლის კონცეპტ Sport Turismo-ს სტილში შესრულდება.

ახალი ავტომობილის პრემიერის თარიღი ოფიცალურად დადასტურებული არ არის. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პარიზის მოტორ შოუზე, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება, Porsche მხოლოდ ახალი Panamera-ს წარდგენას აპირებს, ამ ავტომობილის ახალი ვერსიის პრემიერის ადგილად, დიდი ალბათობით შეიძლება ჟენევა იქცეს.

porsche-panamera-sport-turismo1

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რამდენად დაემსგავსება სერიული Sport Turismo მის კონცეპტუალურ წინამორბედს. თუმცა ახლავე შეიძლება ითქვას, რომ ეს Panamera-ს ყველაზე პრაქტიკული და მოსახერხებელი ვერსია იქნება. რაც მთავარია, ის მყიდველის არჩევანს გაზრდის და ამას კომპანიის გაყიდვების ზრდა უნდა მოჰყვეს. ამას კი მისი ზორბა საბარგული და სალონში გაზრდილი სივრცე განაპირობებს.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში ჰეჩბეკის ტიპის ავტომობილები პოპულარობით არ სარგებლობს, Porsche-მ უკვე დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Sport Turismo-ს სერიული ვერსია ამერიკაშიც გაიყიდება.

რაც შეეხება აგებულებას, ამ მხრივ Sport Turismo სედანის იდენტური იქნება.