ფრანკფურტის შარშანდელ მოტორ შოუზე, Porsche-ს კონცეპტუალურმა ჰიბრიდმა, სახელად Mission E, საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. ეს ავტომობილი, თავისი უზადო გარეგნობით და უახლესი ტექნოლოგიებით გამოირჩევა და როგორც ცნობილი გახდა, ეს ყველაფერი მხოლოდ კონცეპციის სახით არ დარჩება – გერმანული კომპანია Mission E-ს სერიულად წარმოებას აპირებს.

როგორც წესი, სანამ კონვეიერს მიაღწევენ, კონცეპტუალურ ავტომობილებს სახეს უცვლიან ხოლმე და ისინი იმ შარმს კარგავენ, რომელიც ავტო გამოფენებზე აღტაცებას იწვევს. მაგრამ როგორც Porsche-ს მთავარმა აღმასრულებელმა ოლივერ ბლუმემ ჟურნალ „ტოპ გიართან“ საუბრისას განაცხადა, Mission E-ს შემთხვევაში ასე არ მოხდება.

Porsche-EV-Sport-Sedan5

მისი თქმით, გარეგნულად სერიული ავტომობილი თითქმის კონცეპტის მსგავსი იქნება. რა თქმა უნდა, სერიული წარმოების ტექნოლოგიური მხარე, ცვლილებებს მოითხოვს, თუმცა ეს ბევრს არაფერს შეცვლის. რაც შეეხება აღჭურვილობას, მთავარი მიზანი, 500-კილომეტრიანი სვლის სიშორე და ელემენტების ბლოკის 15 წუთში დამუხტვის შესაძლებლობაა. ბლუმე ამბობს, რომ ამ მიზნების მიღწევის ტექნიკური შესაძლებლობები არსებობს.

მისივე თქმით, მთავარი სირთულე ისაა, რომ ახალი ავტომობილის მართვის ემოციურობა „პორშეს“ ავტომობილებისთვის დამახასიათებელ მთავარ თვისებად დარჩეს. „ჩვენ ვერ გამოვუშვებთ ელექტრომობილს, თუ არ ვიქნებით დარწმუნებული იმაში, რომ ეს ისაა, რასაც მომხმარებელი Porsche-სგან ელის. 918 Spyder-ს ელექტრულ რეჟიმში მუშაობის უნარი აქვს და ეს დაახლოებით ისაა, რისი მოლიდინიც მომხმარებლებს Mission E-სგან უნდა ჰქონდთ. ეს ყველაფერი კი ჩვენ მოტორსპორტში ავითვისეთ“, – ამბობს ბლუმე.

Porsche-Mission-E-Concept-18

კონცეპტუალური Mission E-ს ძალური დანადგარის ჯამური სიმძლავრე 600 ცხენის ძალაა, რისი წყალობითაც, მას ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3.5 წამში შეუძლია. სვლის სიშორე კი 500 კილომეტრზე მეტი აქვს. მაგრამ ბლუმეს მიერ მიზნად დასახული მაჩვენებელი – ელემენტების 15 წუთში დამუხტვის შესაძლებლობა ძნელად მისაღწევია. ამას 800-ვოლტიანი 150-კილოვატიანი დასამუხტი მოწყობილობა სჭირდება. ასეთი ინფრასტრუქტურა კი არ არსებობს. თუმცა, ამასთან დაკავშირებით, Porsche-ს გეგმა აქვს, რომლის განხორციელებისთვისაც მთავრობისგან დახმარების მიღებას იმედოვნებს. გარდამ ამისა, ასეთი ინფრასტრუქტურით სხვა ავტომწარმოებლებიც უნდა დაინტერესდნენ, რადგან ის მათს ინტერესებშიც შედის. ბლუმე ამბობს, რომ ევროპაში, ამერიკასა და ჩინეთში ელექტრომობილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, პირველ რიგში, ავტომწარმოებლებმა უნდა იზრუნონ.