ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, Porsche შუაძრავიანი სუპერ ავტომობილის გამოშვებას აპირებს. თავად კომპანიას ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია, თუმცა პრესაში პერიოდულად ამ თემაზე ახალ-ახალი ცნობები ვრცელდება. ერთ-ერთი ასეთი ცნობის მიხედვით, ახალი სუპერ ავტომობილი, რომელსაც 960-ად მოიხსენიებენ, ოპოზიტური რვაცილინდრიანი ძრავით აღიჭურვება.

ეს ავტომობილი 2019 ან 2020 წელს უნდა გამოვიდეს და ის კონკურენციას Ferrari 488-ს და McLaren 650S-ს გაუწევს. შტუტგარტული კომპანიის გამაში, ის 911 Turbo-ზე მაღლა დაიკავებს ადგილს. რაც შეეხება ძრავს, მას ისეთივე კონსტრუქცია უნდა ჰქონდეს, როგორიც უახლეს ოთხცილინდრიან ოპოზიტს აქვს. მას ექნება კუმშვის ცვალებადი ხარისხი. ძრავს წყვილი ტურბო კომპრესორი მოემსახურება.

ასეთი ცვალებად კუმშვისხარისხიანი ძრავის კონსტრუქციაზე პატენტი Porsche-მ და მისმა პარტნიორმა Hilite International-მა შარშან აიღეს. მაგრამ გერმანული კომპანია მის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებს. ერთის თქმა შეიძლება – ოპოზიტური ძრავის წყალობით, ავტომობილს სიმძიმის ცენტრი მაქსიმალურად დაბლა ექნება, რაც მის დინამიკურ მახასიათებლებზე დადებითად აისახება.