გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, Porsche ახალ, მაღალი წარმადობის აგრეგატზე მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია ამ აგრეგატის პირდაპირი დანიშნულება. თუმცა არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ შესაძლოა, გერმანული კომპანია ამ აგრეგატით ფორმულა 1-ში დაბრუნებას აპირებს.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ძრავზე ინჟინერთა ის ჯგუფი მუშაობს, რომელმაც გერმანული კომპანიის LMP1 პროგრამაზე იმუშავა. შეგახსენებთ, რომ ეს არის სარბოლო პროტოტიპების უმაღლესი კლასი, რომლშიც Porsche გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატსა და ლე მანის 24-საათიან რბოლებში მონაწილეობდა. კომპანიამ ეს პროგრამა ახლახანს დახურა, რისი მიზეზიც, შესაძლოა ფორმულა 1-ში გადასვლისთვის მზადების დაწყება ყოფილიყო.

Porsche-ს კვლევისა და განვითარების შეფი მიხაელ შტაინერი არ მალავს, რომ მისმა კომპანიამ FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) მიწვევით, ფ1-ის ძრავების ახალი რეგლამენტის შესამუშავებლად გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ის დასძენს, რომ ამ მომენტში, კომპანიის ვაიზახის ცენტრის ჯგუფი არ მუშაობს ფ1-ის ძრავზე. ინჟინრები ახალ, ძალიან ეფექტურ ძრავს ქმნიან, ოღონდ კომპანიას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, სად გამოიყენებს მას.

უარყოფის მიუხედავად, ეს მაინც არის ირიბი დასტური იმისა, რომ Porsche-ს ინტერესთა სფეროში, ფ1-ში დაბრუნება შედის. ამ ვარაუდს ის გარემოებაც აძლიერებს, რომ Volkswagen-ის ჯგუფი უკვე რამდენიმე წელია, რაც დიდი პრიზების ცირკში დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს. საინტერესოა, რომ ფ1-ში დაბრუნება Aston Martin-ს და Cosworth-საც სურთ.

არაა გამორიცხული, რომ ახალი ძრავი კომპანიის ახალი ფლაგმანისთვის იყოს განკუთვნილი, რომელიც 918 Spyder-ს შეცვლის. ან Volkswagen-ის ჯგუფში შემავალმა სხვა კომპანიებმა გამოიყენონ.