ლე მანის 24-საათიან რბოლას გამორჩეული ავტომობილები იგებენ. მაგრამ მათ შორისაც არის ისეთები, რომლებსაც ავტოსპორტული სამყარო და ავტო კოლექციონერები განსაკუთრებით აფასებენ. Porsche 917K თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სარბოლო ავტომობილია, რომელსაც არაერთი რბოლა აქვს მოგებული. მათგან ყველაზე გამორჩეული კი 1970 წელს ლე მანზე ტრიუმფია – Porsche-ს პირველი დიდი გამარჯვება ლეგენდარულ რბოლაში, რომელიც უკვე 18-ჯერ (!) აქვს მოგებული.

Gulf-ის ფორმაში გამოწყობილ Porsche 917-ს პოპულარობა ფილმმა „ლე მანმაც“ მოუპოვა, რომელშიც მას ჰოლივუდის ვარსკვლავი სტივ მაკქვინი მართავს. ეს პროტოტიპი 12-ცილინდრიანი ოპოზიტური ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც Cam-Am-ის სარბოლო სერიის კონფიგურაციით, 1000 ცხენის ძალას ავითარებდა. ამ ძრავით, სატესტო ტრეკზე ავტომობილის მაქსიმალურმა სიჩქარემ 390 კმ/სთ-ს მიაღწია, რბოლებისას კი ოფიციალური მაქსიმუმი 362 კმ/სთ (ლე მანზე) იყო.

porsche-917k-replica2

მოკლედ, ეს ავტომობილი მიღწევებით და განსაკუთრებული შარმით გამოირჩევა და შესაბამისად, კოლექციონერები მის ყოველ იშვიათ ეგზემპლარში, რვანიშნა თანხას იხდიან. ასეთ თანხაზე ხელი ბევრს არ მიუწვდება, მაგრამ არსებობს ავტო ინდუსტრიის მიმდინარეობა, რომელსაც რეპლიკების წარმოება ჰქვია. ეს კონკრეტული ავტომობილიც, რომელიც ფოტოზეა გამოსახული, 917K-ს რეპლიკაა, მაგრამ ისეთ დონეზე შესრულებული, რომ ნამდვილისგან ვერ გაარჩევ და სხვათა შორის, ვეტერანთა ბევრ რბოლაშიც მიუღია მონაწილეობა. უფრო მეტიც, კომპანია Gulf Oil International-ს არაერთხელ გამოუყენებია თავის მარკეტინგულ ღონისძიებებში.

რეპლიკა 2003-2004 წლებში დამზადდა, 2005 წელს სპას 6-საათიან რბოლაში იასპარეზა. ამის შემდეგ, არაერთხელ მიიქცია პოპულარული საავტომობილო გამოცემების ყურადღება და მოტორ შოუებზეც გამოჩნდა. ერთ-ერთ ელეგანტურობის კონკურსზე, თავის კლასში მეორე ადგილი აქვს დაკავებული. მოკლედ, ნამდვილი ავტორიტეტია, მაგრამ რეპლიკა… ფასიც რეპლიკის შესაფერისი აქვს – eBay-ზე 100 000 გირვანქა სტერლინგზე ნაკლებად იყიდება.

ალბათ ისიც საინტერესოა, თუ რა ტიპის ძრავითაა აღჭურვილი ლეგენდარული პროტოტიპის ტყუპისცალი. რა თქმა უნდა, არა 12-ცილინდრიანით. მის მოძრაობას Porsche-ს წარმოების 3.6-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ოპოზიტური ძრავი უზრუნველყოფს, რომელიც მოდელ 964-სგან აიღეს. მისი ზუსტი მონაცემები უცნობია, თუმცა სიმძლავრე 300 ცხენის ძალაზე მეტია.