მომავალი წლის სარბოლო სეზონისთვის, Porsche-მ ახალი სატრეკო ავტომობილი, შუაძრავიანი 911 RSR შეიმუშავა, რომელიც პირველად ლოს ანჯელესის ავტო შოუზე წარადგინა. ავტომობილი არის მსუბუქი, შეესაბამება FIA-ს ლე მანის 24-საათიანი რბოლის GTE-ს კლასის რეგლამენტს და რაც მთავარია, აღჭურვილია ულტრა თანამედროვე ექვსცილინდრიანი ოპოზიტური ძრავით, რომელიც ავტომობილის ბაზის შუაშია განლაგებული.

ავტომობილი 4.0-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც ცილინდრების ოპოზიტური განლაგება აქვს და 510 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მასთან წყვილში 6-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური გადაცემათა კოლოფი მუშაობს, რომელიც მამოძრავებელ ძალას, 31 სანტიმეტრის სიგანის, სარბოლო საბურავებით შემოსილ ბორბლებს გადასცემს. საწვავის უშუალო შეფრქვევის სისტემის დახმარებით, ძრავი საწვავის შემცირებული ხარჯითაც გამოირჩევა.

porsche-911-rsr-1

„ჩვენ 11-ის ტრადიციული დიზაინი შევინარჩუნეთ, თუმცა ავტომობილის კონსტრუქცია რადიკალურად შეიცვალა. საბოლოო ჯამში, ჩვენი GT მოდელის ისტორიაში ყველაზე რადიკალური ევოლუცია მივიღეთ“, – ამბობს Porsche Motorsport-ის შეფი, დოქტორი ფრანკ-შტეფენ ვალიზერი.

მართლაც, ავტომობილის მზიდი სტრუქტურა, საკიდარი, აეროდინამიკა სრულიად ახალია. ასევე ახალია ძრავიც და ტრანსმისიაც. როგორც იტყვიან ხოლმე, ეს ყველაფერი სუფთა ფურცლიდან შეიქმნა. ცუფენჰაუზენელები ამ ავტომობილით ლე მანზე GTE-ს კლასში კონკურენციას Ford GT-ს და Ferrari 488 GTE-ს გაუწევენ.

porsche-911-rsr-4

კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ სარბოლო ავტომობილი აღიჭურვა რადარული სისტემით, რომელიც შესაძლო შეჯახების გაფრთხილებას იძლევა. ეს სისტემა უფრო სწრაფ, LMP კლასების სარბოლო პროტოტიპებს იმ შემთხვევაშიც კი დააფიქსირებს, როცა ღამის რბოლისას ხედვა შეზღუდულია. გარდა ამისა, ავტომობილს აქვს ახალი უსაფრთხოების კარკასი და სავარძლების ახალი, ხისტი სამაგრი.

რა თქმა უნდა, სარბოლო ავტომობილი ძალიან განვითარებული აეროდინამიკური ელემენტებით არის აღჭურვილი. ესაა მეტისმეტად დიდი ზომის წინა სპლიტერი, ასევე ზორბა გვერდითა ზღურბლები, უზარმაზარი უკანა დიფუზორი და მისი შესაფერისი უკანა ანტი ფრთა. ეს ყველაფერი და ძარის ელემენტები, კარბონის კომპოზიტისგან არის დამზადებული.

მომავალ სეზონში „პორშე“ ამ ავტომობილს 19 რბოლაში გამოიყვანს. მათგან პირველი იქნება დეიტონას 24-საათიანი რბოლა, რომელიც იანვარში გაიმართება.