ლეგენდარული იტალიური დიზაინ სალონი Pininfarina, სპორტული ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს. ეს იქნება მის მფლობელ ინდურ კომპანია Mahindra-ს პროგრამის ნაწილი, რომლის მიზანსაც, ელექტრომობილების მასობრივი წარმოების დაწყება წარმოადგენს.

Mahindra აქტიურად არის ჩართული ფორმულა E-ს ჩემპიონატში და სურს, რომ Pininfarina-მ ამ სარბოლო სერიიდან, მოწინავე ტექნოლოგიები სერიული საგზაო ავტომობილების წარმოებას მიუსადაგოს. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ისე უნდა შეფუთოს, რისი შესაძლებლობითაც იტალიური ატელიე განსაკუთრებით გამოირჩევა.

Pininfarina-Electric-Sports-Car-2

„დიზაინს ავტომობილის შემუშავებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ვიზუალური მხარე პირველ შთაბეჭდილებას ქმნის, რასაც აგებულება და გამოყენებული ტექნოლოგიები აგვირგვინებს. ამ ყველაფერმა კი კონკურენტუნარიანი პროდუქტი უნდა ჩამოაყალიბოს“, – ბრიტანულ გამოცემა „ავტოქართან“ საუბრისას ამბობს Mahindra-ს საავტომობილო შტოს შეფი პრავინ შაჰი.

მისივე თქმით, სახელოვანი იტალიური სადიზაინერო კომპანიის შეძენით, Mahindra საავტომობილო ინდუსტრიაში განსხვავებულ სახეს შეიძენს არამხოლოდ გარეგნულად, არამედ თვისობრივადაც.

Pininfarina-Electric-Sports-Car-1

სხვათა შორის, ჟენევის მოტორ შოუზე, „პინინფარინამ“ კონცეპტუალური H2 Speed (ფოტოზე) წარადგინა, რომელიც თავისი „მწვანე“ აღჭურვილობით, სრულად შეესაბამება ინდური კომპანიის მისწრაფებას, გადმოიტანოს სარბოლო ელექტრომობილების ტექნოლოგიები საგზაო წარმოებაში.