„სონი პლეისტეიშნის“ ვირტუალურ თამაშ „გრან ტურიზმო 6-სთვის“, ვირტუალური სუპერ ავტომობილი „პეჟომაც“ შეიმუშავა. მისი კონცეპტის სახელია „ვიჟნ გრან ტურიზმო“, რომელიც თავისი აგრესიული გარეგნობის გარდა, იმითაც გამოირჩევა, რომ წონისა და სიმძლავრის ფარდობა 1:1-ზე აქვს.

ფრანგულ კომპანიას ვირტუალური სარბოლო ავტომობილის შექმნა, პოპულარული თამაშის შემქმნელმა, კაზუნორი იამაუჩიმ მიმართა და რა თქმა უნდა, თანხმობა მიიღო. ავტომობილი „გრან ტურიზმოს“ გაყიდვაში გამოსვლიდან 15 წლის იუბილეს მიეძღვნა. „პეჟოს“ ვირტუალური ავტომობილი არის ძალიან სწრაფი და ის გამძლეობაზე რბოლებისთვის არის შექმნილი.

„ვიჟნ გრან ტურიზმო“ სულ რაღაც, 875 კილოგრამს იწონის. ამასთან, მისი 3.2-ლიტრიანი V6 ტურბო ძრავი 875 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავთან 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული, რომლიდანაც მამოძრავებელ ძალას ოთხივე ბორბალი ღებულობს. ამ აღჭურვილობით, ვირტუალურ ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 1.73 წამში შეუძლია.

Peugeot-Vision-Gran-Turismo-1

ვირტუალურ ავტომობილს მონოლითური ძარა აქვს, რაც ჰაერისადმი წინააღმდეგობას ამცირებს. მისი სიმაღლე სულ რაღაც, 1 040 მილიმეტრია. „პეჟო“ სხვა გაბარიტებს და აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტს არ გვაცნობს, თუმცა ირწმუნება, რომ „ვიჟნ გრან ტურიზმოს“ საკმარისად აქვს ჩაჭიდება და „სუპერ-მგრძნობიარე“ მართვითაც გამოირჩევა. ავტომობილის წინა ნაწილი 22-დუიმიან ბორბლებზე დგას, უკანა კი – 23-დუიმიანებზე. მუხრუჭები „ბრემბოს“ წარმოებისაა. წინებს 380-მილიმეტრიანი დისკოები აქვს, უკანებს კი – 337-მილიმეტრიანი.