ჰეჩბეკების გარდა, Peugeot თავის ცნობილ მარკა GTi-ს გამოყენებას, ქროსოვერებისთვისაც აპირებს. ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი კი მოდელ 2008-ს ტემპერამენტიანი ვერსიის გამოშვება იქნება, რომელსაც სწორედ დაკარის რბოლის გამარჯვებულის შთაგონებით შეიმუშავებენ. ამის შესახებ, გამოცემა „ავტოექსპრესთან“ საუბრისას, Peugeot Sport-ის დირექტორმა, ბრუნო ფამენმა განაცხადა.

2017-peugeot-2008-2

„რატომაც არა? 2008 DKR ჩვენი ბრენდის სტრატეგიის ნაწილია. უგზობის რბოლები, როგორიცაა დაკარი, სულ უფრო იზრდება და ჩვენ მათ ვიგებთ. 2008 ჩვენი გლობალური მანქანაა. უგზობის პროგრამა კარგად შეესაბამება იმ მიზნებს, რომლებსაც ჩვენი ბრენდის გასავითარებლად ვისახავთ. ამ ბრენდით 2008-ს გამოშვება, ამ ავტომობილს კიდევ უფრო მეტად პოპულარულს გახდის“, – ამბობს ფამენ.

2017-peugeot-2008-6

მოდელ 2008 GTi-სთვის მწვანე შუქის ანთება ნიშნავს, რომ ამ ავტომობილს ისეთივე წარმატება ელის, როგორიც 208 Gti-ს და 308 Gti-ს აქვს. ამ ავტომობილებს აგრესიული სტილი აქვს, რასაც მათ დიდრონი ბამპერები, ბორბლების განიერი თაღები და ზორბა, ალუმინის ბორბლები ანიჭებს. მამოძრავებელ ძალას ავტომობილს ბენზინის ტურბო ძრავი მიანიჭებს, რომელსაც მექანიკური კოლოფი დაუკავშირდება. ამასთან, „პეჟო“ არ აპირებს, 2008 Gti სრულ ამძრავიანი ტრანსმისიით აღჭურვოს. ეს სისტემა არც ოპციის სახით იქნება ხელმისაწვდმი. პრინციპში, ეს გასაკვირი არცაა – დაკარის ჩემპიონ ლომსაც მხოლოდ ორი წამყვანი ბორბალი აქვს.

Peugeot-2008-DKR-1

დაკარის წლევანდელი რბოლა „პეჟოს“ ფრანგმა მრბოლმა სტეფან პეტერანსელმა მოიგო. ლომებმა რბოლაზე ოთხი ეკიპაჟი გამოიყვანეს, რომელთაგან სამმა ფინიშს მიაღწია. მართალია, დაკარის სარბოლო ავტომობილებს არაფერი აქვს საერთო სერიულ მოდელებთან, მაგრამ რალი-მარათონზე გამარჯვებით, Peugeot-მ საკუთარი შესაძლებლობები წარმოადგინა. ამასთან, დაკარისთვის გამოყენებულ ზოგიერთი ტექნოლოგია GTi -ს მოდელებზეც გადაინაცვლებს.