ცხრაწლიანი შერჩევითი კონკურსის შემდეგ, პენტაგონმა ლეგენდარული AM General Humvee-ს შემცვლელი სამხედრო ავტომობილი შეარჩია. ამერიკული ჯარი რამდენიმე წლის განმავლობაში, „ჰამვიდან“ Oshkosh Defense-ის წარმოების, მრავალმხრივი გამოყენების მსუბუქ ტაქტიკურ მანქანაზე (Joint Light Tactical Vehicle – JLTV) გადაჯდება. „ოშკოშის“ მანქანამ, კონკურსში AM General-ის და Lockheed Martin-ის ერთობლივი მსუბუქი საბრძოლო ტაქტიკური ყველგანმავალი მანქანა (Light Combat Tactical All-Terrain Vehicle – L-ATV) დაამარცხა.

JLTV_5418_Hero3_10x8_cmyk-copy

პროგრამა JLTV არის შეერთებული შტატების არმიის და საზღვაო ძალების ერთობლივი ინიციატივის შედეგი, რომელზეც მუშაობა 2006 წელს დაიწყო. გამარჯვებული კომპანია ორი ტიპის ტაქტიკურ ავტომობილს დაამზადებს. მათგან ერთი იქნება ოთხადგილიანი საბრძოლო ტაქტიკური მანქანა (CTV) და მეორე – ორადგილიანი საბრძოლო მხარდამჭერი მანქანა (CSV). თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, რომ JTLV უნდა ყოფილიყო მარტივი ექსპლუატაციასა და მომსახურებაში, რა თქმა უნდა საიმედო და ადვილად ტრანსპორტირებადი და რაც მთავარია, „ჰამვის“ მსგავსად, შეუდარებელი უნდა ყოფილიყო ყველგანმავლის თვისებებში.

JLTV_Build_IMG_1092_Clean_cmyk_10x8_edited-1

„ჰამვი“ ამერიკის ჯარის სამსახურში 1985 წლიდან და ბევრი კარგი თვისების მიუხედავად, ერთი დიდი ნაკლი აქვს – ცუდად არის დაცული ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან. ეს კი 21-ე საუკუნეში მთავარი ხიფათია, რაც ჯარისკაცებს გადაადგილებისას ხიფათს უქმნის. პენტაგონის კონტრაქტი 17 000 მანქანის შესყიდვას ითვალისწინებს და მისი ღირებულება 6.7 მილიარდი დოლარია. თუმცა, „ოშკოში“ შემდგომში გაცილებით მეტი საბრძოლო მანქანს წარმოებას აპირებს. წარმოების პროგრამა ჯამში 54 000 საბრძოლო მანქანის წარმოებას ითვალისწინებს, რომელთა ჯამური ფასიც 30 მილიარდი დოლარი იქნება. შედარებისთვის, AM General’მა სულ 280 000 Humvee გამოუშვა.