გერმანულმა კომპანია Partisan Motors-მა უცნაური ფორმის უგზოობის ავტომობილი შეიმუშავა, რომელიც უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის არის გამიზნული. ავტომობილს სახელად One უწოდეს და მწარმოებელი მზადაა, მასზე ასწლიანი გარანტია გასცეს.

ამ დაკუთხული ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4 720 მილიმეტრი, სიგანე 2 300 მილიმეტრი, სიმაღლე 2 230 მილიმეტრი. ძარა სამკარიანია, თუმცა კომპანია ამ ავტომობილის ბაზაზე, ხუთკარიანი 6х6 პიკაპის დამზადებასაც აპირებს. უფრო შორეულ პერსპექტივაში, შესაძლოა რვაბორბლიანი ვერსიაც კი შეიმუშაოს. Partisan Motors-ი ოპციის სახით, One-ის მყიდველს დაჯავშნულ ძირსაც შესთავაზებს, რომელიც სალონში მყოფებს, ავტომობილის ნაღმზე აფეთქების შემთხვევაში დაიცავს.

გერმანული კომპანია ირწმუნება, რომ ავტომობილის ასეთი მარტივი ფორმები და აგებულება გამიზნულად შეარჩია. ასე უფრო მარტივია მასზე განსხვავებული ძალური დანადგარების, რთული მოდერნიზაციის გარეშე დაყენება, რომ არაფერი ითქვას იაფ და მარტივ მომსახურებაზე.

Partisan One-ი აღჭურვილია Fiat-ის წარმოების 2.8-ლიტრიანი ტურბო დიზელით, რომელიც 150 ცხენის ძალას იძლევა. გარდა ამისა, შესაძლებელია მასთან ელექტრო ძრავის დაკავშირება. ჯერჯერობით, გერმანული კომპანია თავისი პირველი ავტომობილის დეტალურ დახასიათებას არ აქვეყნებს.

არც ისაა ცნობილი, თუ რა ეღირება Partisan One და როდის დაიწყება მისი სერიული წარმოება. სხვათა შორის, ჯერ პროტოტიპიც არაა დასრულებული. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ფოტოზე კარგად ჩანს მავთული, რომელიც კარს დახურულ მდგომარეობაში ინარჩუნებს.