ბერლინში პრემიერამდე (28 ივნისს) რამდენიმე დღით ადრე, Porsche Panamera Turbo-მ ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟზე, წრე 7 წუთსა და 38 წამში გაიარა და ამ ლეგენდარული ტრეკის უსწრაფესი ლუქს სედანის წოდებასაც დაეუფლა. გერმანულმა კომპანიამ რეკორდული გარბენის ამსახველი ვიდეოფილმი მოამზადა, რომლის ანონსიც უკვე გავიდა Youtube-ს არხზე.

ამგვარად, ახალმა პანამერამ სულ რაღაც, ერთი წამით გააუმჯობესა წინა რეკორდი, რომელიც შარშან დაამყარა Alfa Romeo Giulia-ს სპორტულმა ვერსია Quadrifoglio Verde-მ. გარდა ამისა, ახალ რეკორდთან ერთად, ცუფენჰაუზენელთა ახალმა ავტომობილმა სუპერ ავტომობილების,  Lexus LF-A-ს და Lamborghini Gallardo Superleggera-ს დროები გაიმეორა.

უნდა ითქვას ისიც, რომ რეკორდული დრო Panamera-ს სტანდარტული მოდელით დამყარდა. ის აღჭურვილია 4.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავით, რომელიც 550 ცხენის ძალას და 770 ნიუტონმეტრს ავითარებს. ძრავთან ორქუროიანი გადაბმულობით, 8-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფია დაკავშირებული. ამ აღჭურვილობით, ახალ Panamera-ს ადგილიდან ასის აკრეფა 3.6 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 306 კილომეტრს აღწევს.