ჰოლანდიურმა კომპანია PAL-V-მ შეიმუშავა და წარმოებისთვის მოამზადა მფრინავი ავტომობილი, რომელსაც უკვე გავლილი აქვს უსაფრთხოების ტესტები. ავტომობილის სახელია Liberty და ის ორი ვერსიის სახით არსებობს. მათგან ერთია საწყისი ვერსია Liberty Pioneer, რომელიც მხოლოდ 90 ცალი დამზადდება. მეორეს სახელი კი არის Liberty Sport.

„ლიბერტი პიონერზე“ შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია და ის 599 000 დოლარი ღირს. მოგვიანებით მყიდველს უფრო ხელმისაწვდომ Liberty Sport-ს შესთავაზებენ, რომლის ფასიც 400 000 დოლარია.

მწარმოებელი თავისი მფრინავი ავტომობილის ტექნიკურ მახასიათებლებს ჯერჯერობით არ ავრცელებს. გარეგნულად Liberty ვერტმფრენს მოგაგონებთ, თუმცა PAL-V აცხადებს, რომ აგებულებით და ტექნიკურად გიროპლანია.

კომპანიის მთავარი აღმასრულებელი რობერტ დინგემანსი ამბობს, რომ მფრინავ ავტომობილზე წლების განმავლობაში მუშაობდა და ამ პროცესში ბევრი სირთულე გადალახა. კომპანიის ინჟინრებმა წარმატებით დაძლიეს საინჟინრო სირთულეები და შექმნეს ინოვაციური მფრინავი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტებს და მზადაა იმისთვის, რომ მთელს მსოფლიოში გაიაროს სერტიფიკაცია.

ის დასძენს, რომ მისი კომპანია წლის ბოლოს გამოუშვებს წინასერიულ რამდენიმე მოდელს, შემდეგ კი პირველი კლიენტებისთვის, ვერსია „პიონერის“ წარმოებას შეუდგება. მფრინავი ავტომობილის პირველ ეგზემპლარებს შემკვეთები მომავალი წლის ბოლოს მიიღებენ.