ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ოპელმა თავისი უახლესი ავტომობილის, სუბკომპაქტურ ქროსოვერ Mokka-ს წარმოება დაიწყო. ამ დროის განმავლობაში, ის 600 000-ზე მეტი გაიყიდა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა მზარდია, ავტომობილს ეგრეთ წოდებული შუაციკლური გეგმური განახლება ჩაუტარდა.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ განახლების შემდეგ, ავტომობილის სახელს ასო X დაემატა, რაც უგზოობაში „მოკას“ შესაძლებლობებს უსვამს ხაზს. ეს კომპანიის პირველი ავტომობილია, რომლის სახელშიც X გამოჩნდა. მომავალში იგივე აღნიშვნას „ოპელის“ ის მოდელებიც მიიღებენ, რომლებიც სტანდარტულ ვერსიებთან შედარებით, უფრო მეტად, უგზოობაზე იქნებიან ორიენტირებულები.

ახალი Mokka X-ის მსოფლიო პრემიერა ახლახანს, პარიზის მოტორ შოუზე გაიმართა, მისი შესაძლებლობების უკეთ წარმოსაჩენად კი, Opel-მა უნგრეთში სპეციალური ტესტ გარბენი მოაწყო, რომელზეც აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად, ჟურნალისტები საქართველოდანაც მიიწვია. გარბენი ბუდაპეშტსა და ბალატონის ტბას შორის არსებულ გზებსა და ლისკაის მამულის ვენახების გარშემო არსებულ გრუნტიან გზებზე ჩატარდა. სხვათა შორის, ტესტების სრულყოფილებას ამინდმაც შეუწყო ხელი – ტესტების წინა ღამით, წვიმამ გრუნტიანი გზები გვარიანად აატალახა, რაც Mokka X-ის შესაძლებლობების უკეთ გასაცნობად მისწრება იყო.

დიზაინი

პირველ რიგში, განახლებული Mokka X გავიცნოთ: წინამორბედთან შედარებით, ახალი ავტომობილი გარეგნულად უფრო დაიხვეწა. მისი დანახვისთანავე მიხვდებით, რომ საქმე გაქვთ ავტომობილთან, რომელიც ასფალტზე ისეთივე სხარტი და მოქნილია, როგორც ჰეჩბეკი და იმავდროულად, ცუდ გზებზეც თავდაჯერებულია. Mokka X-ს ძალიან უხდება გამოკვეთილი ფორმები. მათგან ყველაზე დასამახსოვრებელია რადიატორის ცხაური, რომელსაც „ფრთებს“ შორის მოქცეული ემბლემა ამშვენებს და მთავარ ფარებში ინტეგრირებული დღის LED ფარები, რომლებსაც ორმაგი ბუმერანგის/ფრთის ფორმა აქვს და ავტომობილს ადვილად ამოსაცნობს ხდის. ამავე ფორმის დღის განათება ავტომობილის უკანაც განლაგდა. დაიხვეწა წინა და უკანა ბამპერები, კაპოტი. ავტომობილის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია ამონატვიფრი, რომელიც წინა კარის წინა ქვედა ნაწილში იწყება და უკანა კარის სახელურამდე გრძელდება.

ძლიერ განახლდა ინტერიერი. მაჩვენებლების დაფა უფრო გამარტივდა და ეფექტურად იძლევა ინფორმაციას, რომელიც საჭის წკირებს შორის კარგად ჩანს. ცენტრალურ კონსოლზე მთავარი ადგილი 7.0 ან 8.0-დუიმიან ფერად სენსორულ ეკრანს უკავია, რომელიც ახალი თაობის ინფოტაინმენტ სისტემას ემსახურება. სისტემების მართვას ნაკლები ღილაკი და გადასართავი ემსახურება. მართვის ბევრი ფუნქცია სწორედ სენსორულმა ეკრანმა შეითავსა.

ძრავები, ტრანსმისია

ავტომობილის აღჭურვილობაში სამი ძრავი შევიდა. მათგან ერთია ბენზინის 1.4-ლიტრიანი აგრეგატი 140 ცხენის ძალით. მეორე კი დიზელის 1.6-ლიტრიანი CDTI, რომელიც „ჩუმი დიზელის“ სახელითაა ცნობილი. ის 136 ცხენის ძალას იძლევა. ორივე ძრავთან წყვილში 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი მუშაობს. პირველი აგრეგატით აღჭურვილ „მოკას“ შერეული ციკლით მოძრაობისას, ას კილომეტრზე 6.4-6.4 ლიტრი საწვავი ჰყოფნის, ქალაქში ხარჯი 8.2-8.3 ლიტრამდე იზრდება. ყოველი კილომეტრის გავლისას, ავტომობილი ატმოსფეროში 149-152 გრამ ნახშრორჟანგს გამოჰყოფს. დიზელის ძრავის შემთხვევაში, შერეული ციკლით 4.2-4.4 ლიტრი საწვავია საკმარისი, ქალაქში ხარჯი 5.0-5.2 ლიტრს აღწევს. გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი 119-124 გრამია.

მესამეა სერია ეკოტეკის 1.4-ლიტრიანი აგრეგატი, რომელიც 152 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს ძრავი 6-საფეხურიან ავტომატურ ტრანსმისიასთან წყვილში მუშაობს, მამოძრავებელი ძალა კი ოთხივე ბორბალს უნაწილდება. ამ კომბინაციით, ავტომობილს შერეული ციკლით 100 კილომეტრის გასავლელად, 6.4-6.5 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის, ქალაქში ხარჯი 7.8-7.9 ლიტრს აღწევს, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი 148-150 გრამია.

ოპციის სახით, ავტომობილი შეიძლება აღიჭურვოს საზრიანი სრულ ამძრავიანი სისტემით, რომელთან ერთადაც, „მოკას“ გერმანიაში წლის სრულამძრავიანი ავტომობილის წოდება ზედიზედ ორჯერ აქვს მოგებული. მას მრავალქუროიანი გადაბმულობა ემსახურება, რომლის დახმარებითაც, ავტომობილი ჩვეულებრივ სიტუაციებში წინა ამძრავიანია, საჭიროების შემთხვევაში კი მამოძრავებელ ძალას უკანა ბორბლებიც ღებულობს. წინა და უკანა ღერძებს შორის მომენტის გადანაწილების პროპორცია შეიძლება იყოს 100:0-ზე, ან 50:50-ზე. თუ ავტომობილი მოყინულ გზაზე, ან ორმოზე გაივლის, ელექტრონიკა წამის მეასედებში რთავს უკანა ხიდს, რითაც ავტომობილის გზასთან ჩაჭიდება უმჯობესდება. როგორც კი საგანგებო სიტუაცია ჩაივლის და ელექტრონიკა ამას მიხვდება, ის უკანა ბორბლებს უმალ გათიშავს.

AFL LED ფარები და “ოპელ აი” კამერა

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს Mokka X-ის სრულიად ახალი, წინა ადაპტირებადი (AFL) LED ფარები, რომლებიც განათების ინტენსივობას და მიმართულებას, სიტუაციიდან გამომდინარე ცვლიან. ფარებს ცხრა განსხვავებული რეჟიმი აქვს, რომელთა შორისაცაა ქალაქში განათების, სოფლად განათების, ტურისტული რეჟიმი. სხვა ბევრ დადებით თვისებასთან ერთად, LED ფარები მცირე რაოდენობით ენერგიას მოიხმარს.

ავტომობილი ასევე ეკიპირებულია წინა კამერით „ოპელ აი“, რომელიც გარდა იმისა, რომ წინა ფარებს უწევს ასისტენტობას, საგზაო ნიშნების აღქმაც შეუძლია და შესაბამის ინფორმაციას, სანავიგაციო სისტემას უზიარებს. ეკიპირებაში ასევე შედის ავტომობილის წინ არსებულ გარე სხეულებთან (მოძრავ და უძრავ) დისტანციის ინდიკატორი, რომელიც საჭირო ინფორმაციას ასევე წინა კამერისგან ღებულობს. ამავე კამერას კავშირი აქვს წინიდან შეჯახების გამფრთხილებელ სისტემასთანაც. უსაფრთხოებას ემსახურება ზოლიდან გასვლის გამაფრთხილებელი სისტემა, რომელიც 60 კმ/სთ-ზე მაღალ სიჩქარეზე ირთვება და საჭიროების შემთხვევაში, ვიზუალურ და ხმოვან სიგნალს რთავს.

ინტერიერი

ახალი „მოკა X-ის“ სალონი ერთ-ერთი ყველაზე კომფორტულია თავის კლასში. ამას AGR სავარძლები განაპირობებს, რომლებიც გერმანული კომპანიის სხვა მოდელებზეც გვხვდება. ასეთი სავარძლების გამოცდა სპეციალური პროგრამის შესაბამისად ხდება, რომლის მიზანიც, ზურგის და ხერხემლის ჯანმრთელობის დაცვაა. ასეთი სავარძლების წყალობით, ავტომობილი კომფორტულობას უგზოობის პირობებშიც ინარჩუნებს და შორეულ მგზავრობასაც ნაკლებად დამქანცველს ხდის.

სიახლეა ელექტრონული დისტანციური გასაღები. საჭირო აღარაა მის შესაბამის შილაკზე თითის დაჭერა. მთავარია, გასაღები ჯიბეში ან ჩანთაში გედოთ და თუ ავტომობილის სიახლოვეს იმყოფებით, ის თავისით გაიღება. ასევე უგასაღებოდ შეგიძლიათ ავტომობილის დაქოქვა/გამორთვა. ამისთვის საჭის მარჯვნივ არსებული სპეცალური ღილაკი მოგემსახურებათ.

opel-mokka-x-1

სასიამოვნო გზებზე, საიმედო უგზოობისას

Mokka X-ის კომფორტულობაში და ერგონომიულობაში, ორდღიანი ტესტების დროს დავრწმუნდით, როცა არაერთი საათის განმავლობაში გვიწევდა როგორც მაგისტრალის სწორზედაპირიან, ასევე ქალაქების ვიწრო გზებზე და სოფლების დამაკავშირებელ, მესამეხარისხოვან და საკმაოდ უხარისხო გზებზე მოძრაობა. გრუნტიან და ქვიან გზაზე გადაადგილებისას კი ეს სავარძლები მართლაც შეუდარებელია. რა თქმა უნდა, თავის როლს უბადლოდ დარეგულირებული და გათვლილი საკიდარიც ასრულებს, რომელიც მოსახვევებში მდგრადობასაც უზრუნველყოფს და ცუდი გზის უსწორმასწორობებსაც მაქსიმალურად ითვისებს.

ტესტების დროს, ჩვენს განკარგულებაში დიზელისძრავიანი ავტომობილები იყო და უნდა ითქვას, რომ სალონმა თავისი ხმოვანი იზოლაციით გაგვაოცა, როგორიც უფრო მაღალი კლასის ავტომობილებს შეეფერება. ინფორმატიულობით გამოირჩევა საჭის მექანიზმი, რომლის გამაძლიერებელიც ისეა მომართული, რომ ხელებზე დატვირთვა, მოხვევის პროპორციულად, ზომიერად იზრდება. სხვა მხრივ, საჭე რბილი, სასიამოვნოდ სამართავია და რაც მთავარია, თითქმის არ იწვევს დაღლას.

მიუხედავად იმისა, რომ სატესტოდ გამოყოფილი არცერთი ავტომობილი უგზოობის შესაფერისი საბურავებით არ იყო აღჭურვილი, „მოკა X“ ტალახიან გზებზეც კი, რთული მონაკვეთების გავლას უბადლოდ ახერხებდა. ასე იყო სველ ბალახზეც. საჭიროების შემთხვევაში, საქმეში სწრაფად ერთვებოდა უკანა ხიდი და თუ რბილ ტალახში მანქანა მოსრიალებას იწყებდა, უკანა ბორბლების ჩართვისთანავე, ის ზუსტად ემორჩილებოდა საჭის მოძრაობას.

Mokka X-მა განსაკუთრებული ქება მაშინ დაიმსახურა, როცა ლისკაის მამულის ვენახის გაყოლებაზე, სველ ბალახიან აღმართზე ასვლა გადავწყვიტეთ. ერთი შეხედვით, აქ ასვლა ძალიან ძნელი უნდა ყოფილიყო – გზის დახრის კუთხე ალბათ 30 გრადუსს აღწევდა. მაგრამ მცირე გაქანებაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ პატარა ქროსოვერი გზას ჩასჭიდებოდა. მერე კი, ძრავის და ოთხივე მომუშავე ბორბლის დახმარებით, ამ ჩაჭიდებას „სამშვიდობოზე გასვლამდე“ ინარჩუნებდა. ავტომობილი ასეთივე თავდაჯერებულია, როცა ტალახიან დაღმართზე უწევს მოძრაობა, რაშიც დაღმართზე მოძრაობისას დამხმარე სისტემა ეხმარება.

opel-mokka-x

Mokka X თქვენი მეგობარი გახდება

ჩვენში უგზოობის ავტომობილები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მაგრამ ქალაქის გადატვირთულ გზებზე დიდგაბარიტიანი მოდელებით გადაადგილება მოუხერხებელია. გარდა ამისა, საცობში მოძრაობისას, ასეთი ავტომობილების საწვავის ხარჯი საგრძნობლად იზრდება. ასეთ პირობებში, Mokka X ნამდვილი მისწრება გახდება – ქალაქში ჰეჩბეკივით სხარტად და ეკონომიურად მოგემსახურებათ, მაგისტრალზე სედანივით კომფორტულად გამგზავრებთ. და თუ სოფლის გზებზე, უამინდობისას გავლა მოგიწევთ, თქვენი სუბკომპაქტური მეგობარი არც იქ გიღალატებთ…