Opel-ის სამოდელო გამაში, წარმატებულ Mokka X-ს მალე გვერდში ახალი ქროსოვერი ამოუდგება, რომელსაც გერმანულმა კომპანიამ Crossland X უწოდა. ახალ ავტომობილზე ჯერ ბევრი არაფერია ცნობილი. Opel-ი გვპირდება, რომ მას მომავალ წელს გამოუშვებს. Mokka X-ის მსგავსად, ახალი ავტომობილიც სპორტული ხასიათით და ფართო ინტერიერით გამორჩეული იქნება.

Mokka-ს წარმოება 2012 წელს დაიწყო და მას შემდეგ, ის 600 000 ცალი გაიყიდა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ გაყიდვების მნიშვნელოვნად გასაზრდელად, Opel-ს ამ ტიპის ახალი ავტომობილების გამოშვება სჭირდება. და რიუსელსჰაიმელები უახლოეს მომავალში სწორედ ამას აპირებენ. ოფიციალური ინფორმაციით, ახალი ავტომობილი B-სეგმენტში გაიყიდება.

„მომხმარებლებს B-სეგმენტში უფრო ემოციური ავტომობილები სურთ. ამ მოლოდინს ჩვენ ახალი Crossland X-ით გავუმართლებთ, რომელსაც სასიამოვნო დიზაინი და უგზოობის და საქალაქო ავტომობილის თვისებები ექნება. ის ქალაქში სხარტი, შორეული მოგზაურობისას კი თავდაჯერებული იქნება. ეს არის ავტომობილი მათთვის, ვისაც ქალაქში სოფლის ცხოვრების შეტანა სურს. ვისაც სახურავის ბაღში პომიდვრის და მწვანილის მოყვან ახალისებს და ვისაც ბიო სუპერმარკეტში შოპინგის შემდეგ, შინ დაბრუნდებისას საკუთარი შვილებისთვის მანქანაში საკმარისი სივრცე სჭირდება“, – ამბობს „ოპელის“ მარკეტინგის დირექტორი ტინა მიულერი.

2010 წლიდან მოყოლებული, ევროპაში უგზოობის მოდელების და ქროსოვერების გაყიდვები დაახლოებით ხუთჯერ გაიზარდა. შესაბამისად, ეს ფაქტორი მწარმოებლებს ამ ტიპის ავტომობილების გამოშვებისკენ უბიძგებს. და ისინიც მყიდველს სულ უფრო ფართო არჩევანს სთავაზობენ. მათ შორისაა Opel-იც, რომელსაც Mokka-ს პოპულარობამ, ამ მიმართულებით გააქტიურებისკენ უბიძგა.