ახლახანს „ოპელმა“ გამოაცხადა, რომ უახლეს „ასტრას“ პირველად ფრანკფურტის მოტორ შოუზე გვიჩვენებს. მაშინვე ითქვა, რომ ახალ ჰეჩბეკთან ერთად, გერმანული კომპანია მყიდველს ბევრ ტექნოლოგიურ სიახლესაც შესთავაზებს, ოღონდ ისინი არ დაკონკრეტებულა. და აი, ინფორმაციის მორიგი ულუფით, რიუსელსჰაიმელები გვატყობინებენ, რომ ახალი თაობის „ასტრა“, თხევადკრისტალური მატრიცული „ინტელილუქს“ ფარებით აღიჭურვება.

„ოპელის“ ავტომობილების ინჟინერიის ვიცე პრეზიდენტ ჩარლი კლაინის თქმით, მისი კომპანია პირველი ავტომწარმოებელია, რომელიც განათების მსგავს მაღალტექნოლოგიურ სისტემას კომპაქტურ ავტომობილებზე გამოიყენებს. თხევადკრისტალური ფარების დახმარებით, ავტომობილის ღამით მართვა უფრო უსაფრთხო იქნება როგორიც მძღოლისა და მისი მგზავრებისთვის, არამედ ირგვლივ მოძრავი ავტომობილებისთვისაც.

Opel-IntelliLux-LED-295644

„ინტელილუქს“ ფარებში სულ 16 ცალი, უახლესი თაობის თხევადკრისტალური სეგმენტია გამოყენებული, თითო ფარზე 8. ფარები ავტომატურად და მუდმივად ადაპტირებად რეჟიმში, საგზაო სიტუაციის შესაბამისად არეგულირებენ განათების სიშორეს და მის განაწილებას. ამაში ფარებს წინა კამერა „ოპელ აი“  ეხმარება, რომელიც გზაზე სხვა მოძრავ ავტომობილებს აფიქსირებს. მიღებული ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ, სისტემა თავად ადგენს, რომელი და რამდენი სეგმენტი უნდა გათიშოს, რათა შემხვედრი მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის მძღოლებს თვალი არ მოჭრას.

ამასთან, როცა ავტომობილი დასახლებულ ადგილებში მოძრაობს, სისტემა ავტომტურად თიშავს მაღალჭავლურ განათებას, რაც ირგვლივ მყოფთა უსაფრთხოების ხარისხს ამაღლებს. მაგალითად, დარმშტადტის უნივერსიტეტის და ევროპულ ინიციატივა „ლაითსაითსეიფტის“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ „ინტელილუქს“ ფარებით აღჭურვილი ავტომობილის 80 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას, მძღოლი გარე ობიექტს 30-40 მეტრით უფრო მალე დაინახავს, ვიდრე ჰალოგენური და ქსენონის ფარებით აღჭურვილი ავტომობილის შემთხვევაში. შესაბამისად, რეაგირებისთვის მას 1.5 წამით მეტი დრო აქვს.

უსაფრთხოების გარდა, „ინტელილუქს“ ფარები, ჰალოგენურ და ქსენონის ფარებზე გაცილებით დიდხანს მუშაობს და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ასეთ ფარებში მექანიკური მოძრაობები არ სრულდება.