პარიზის მოტორ შოუზე, რომელიც ოქტომბერში გაიმართება, Opel-ი ელექტრომობილ Opel Ampera-e-ს წარადგენს, რომელიც ფაქტობრივად, Chevrolet-ს პატარა ელექტრომობილ Bolt-ის ევროპული და ოდნავ სახეშეცვლილი ვარიანტია. შესაბამისად, მათ ზიარი აღჭურვილობა აქვთ. მისი მამოძრავებელი აგრეგატი 204 ცხენის ძალას და 360 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს, რაც პატარა ელექტრომობილს შესანიშნავ დინამიკურ მახასიათებლებს ანიჭებს.

„Opel Ampera-e ელექტრომობილს ყოველდღიური სარგებლობისთვის ხელმისაწვდომს ხდის. Ampera-e გვიჩვენებს, რომ მდგრადობა და მართვით სიამოვნების მიღება, თავსებადი შეიძლება იყოს. მისი ძლიერი ელექტრო ძრავი კი მის მართვას სასიამოვნოს ხდის“, – ამბობს Opel-ის მთავარი აღმასრულებელი, დოქტორი კარლ-თომას ნოიმანი.

მძლავრი ძრავის მეშვეობით, Opel Ampera-e-ს სწრაფად აჩქარების უნარი აქვს. კერძოდ, ადგილიდან 50 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 3.2 წამი ჰყოფნის, 80-დან 120 კმ/სთ-მდე კი 4.5 წამი სჭირდება, რაც გასწრების უბადლო უნარს ანიჭებს. როგორც გერმანული კომპანია აცხადებს, პატარა ელექტრომობილი თავისი ბევრი მახასიათებლით, Opel-ის მოდელების OPC ვერსიებთანაა ახლოს.

რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, Ampera-e სვლის დდ სიშორითაც გამოირჩევა. გერმანული კომპანია ამ მონაცემს ჯერ არ აკონკრეტებს, თუმცა ირწმუნება, რომ ამ მხრივ, სხვა ელექტრომობილებზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს. ელემენტების ბლოკი, რომლის ტევადობა ასევე ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, ავტომობილის ძირზეა მოთავსებული, რაც სიმძიმის ცენტრის დაბლა დაწევას უზრუნველყოფს. ეს კი თავის მხრივ, ავტომობილს მანევრულს ხდის.

ელემენტების ბლოკის კომპაქტური განლაგება, სალონის თავისუფალი სივრცის ზრდაზეც აისახა და შედეგად, მასში კომფორტულად თავსდება ხუთი ადამიანი. ასევე ამ კლასისთვის სოლიდური მოცულობა აქვს საბარგულსაც.

ამ ავტომობილის შესახებ უფრო მეტს, პარიზული პრემიერის შემდეგ გავიგებთ.